"ჰამასის ელჩი ირანში" - ვინ იყო ბეირუთში მოკლული სალეჰ ალ-არური

ჰამასის პოლიტსაბჭოს მოადგილის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობა არ იყო წარმოუდგენელი რამ, მათ შორის არც თავად ალ-არურისთვის, რომელიც ხშირად ამბობდა, რომ უკვე გადააჭარბა მისთვის გამოყოფილ დროს. 

მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ალ-არურის მკვლელობის გარემოებები - ოპერაცია ბეირუთის სამხრეთ ნაწილში, ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარდა. სარაკეტო თავდასხმა დრონის გამოყენებით განხორციელდა, ხოლო მთავარი სამიზნე ქალაქის ამ ნაწილში განთავსებული ჰამასის ოფისი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალ-არურის გარდა მოკლულია ჰამასის სამხედრო ფრთის კიდევ 2 მაღალჩინოსანი. 

ტრადიციისამებრ ისრაელი არც ადასტურებს და არც უარყოფს ამგვარ ოპერაციებში მონაწილეობას, თუმცა ადგილობრივი მედიები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ალ-არურის ლიკვიდაციის უკან ქვეყნის სპეცსამსახურები იდგნენ

სალეჰ ალ-არური ამ დრომდე ჰამასის ყველაზე გავლენიანი ლიდერია, რომლის ლიკვიდაციაც 7 ოქტომბრის შემდეგ მოხერხდა. ალ-არური საკვანძო ფიგურა იყო ჰამასისა და ირანის ურთიერთობებში, ის გავლენიანი იყო ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზეც.

ბეირუთში ჰამასის გავლენიანი ლიდერის ლიკვიდაცია შესაძლოა ისრაელის მიდგომის ცვლილებებაზე მეტყველებდეს - ბოლო წლების განმავლობაში შესაძლო დიპლომატიური სკანდალების მიზეზით ისრაელი ერიდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ჰამასის ლიდერების ლიკვიდაციას, თუმცა ისრაელის კალკულაცია 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმამ შეცვალა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, რონენ ბარმა ჰამასის თავდასხმის შემდეგ ქვედანაყოფებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 7 ოქტომბერი "ჩვენი თაობის მიუნხენია" და ისრაელი მზად არის დაიწყოს ჰამასის ლიდერების ლიკვიდაციის მასშტაბური პროგრამა. 

ამგვარი გეგმების შემუშავების შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა Wall Street Journal. 

რეგიონის კომენტატორების აზრით, ალ-არურის ლიკვიდაცია ფართე რეგიონული ომის რისკებს ზრდის.

ელჩი ირანში და მთავარი ჰამასელი დასავლეთ ნაპირზე - ვინ იყო სალეჰ ალ-არური

 

"მე არ მეშინია მათი მუქარების, უკვე იმაზე მეტი ვიცოცხლე, ვიდრე მოლოდინი მქონდა. მე უკვე გადავაჭარბე იმ ასაკს, რომელშიც უნდა მომკვდარიყავი და როცა ჩემი მოწამოებრივი სიკვდილი დადგება, მე მას მივესალმები",- ამბობდა სალეჰ ალ-არური ჰამასის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გასულ აგვისტოს. 

რამალას მახლობლად ერთ-ერთ სოფელში დაბადებული სალეჰ ალ-არური წლების განმავლობაში დასავლეთი ნაპირზე ჰამასის ხელმძღვანელად მიიჩნეოდა. ალ-არურის თქმით, მან დაგეგმა 3 ისრაელელი მოზარდის გატაცება და მკვლელობა 2014 წელს, რასაც მორიგი ომი მოჰყვა. ჰამას-ისრაელის ომს ღაზაში მაშინ 2 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. 

სალეჰ ალ-არურის ჰამასთან კავშირი უნივერსიტეტის პერიოდიდან იწყება  - 1985 წელს ალ-არური ჰებრონის უნივერსიტეტში ისლამური სამართლის ფაკულტეტზე სწავლისას დაუხლოვდება იმ დროს ჯერ კიდევ სტუდენტური მოძრაობის სახელით მოქმედ ორგანიზაციას. 

პალესტინური წყაროების ცნობით, ალ-არური ჰამასის სამხედრო ფრთის, "ქასემის ბრიგადების" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ალ-არური პირველად 1980 წელს დააპატიმრეს. სხვადასხვა ბრალდებებით მას ისრაელის საპატიმროებსი ჯამურად 10 წელზე მეტი აქვს გატარებული. ალ-არური იაჰია სინვართან ერთად ჰამასის იმ ლიდერებს შორის იყო, რომელიც ისრაელმა 2010 წელს დაყვევებულ სერჟანტში, გილად შალიტში გაცვალა. 

მალევე ალ-არური ისრაელის მოთხოვნით ღაზის სექტორიდანაც გააძევეს, რის შემდეგაც ის საცხოვრებლად სირიაში გადაბარგდა, ამ დროს დამასკოში ხალედ მეშალის ხელმღვანელობით ჰამასის პოლიტიკური ოფისი ფუნქციონირებდა. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, ჰამასის ლიდერებმა არ დაუჭირეს მხარი ბაშარ ასადს - ალ-არური სხვებთან ერთად სირიიდან გააძევეს. 

ცოტა ხნის განმავლობაში ალ-არური სტამბოლში ცხოვრობდა, სადაც ჰამასის თურქულ ბიუროს ხელმძღვანელობდა, თუმცა აშშ-სა და ისრაელის წნეხის გამო, ის მალე სტამბოლოდანაც გააძევეს. ბოლო წლებში სალეჰ ალ-არური ძირითადად ბეირუთში ცხოვრობდა. 

ადგილობრივი წყაროების ცნობით, 2014 წლის შემდეგ სალეჰ ალ-არური ჰამასისა და ირანის ურთიერთობებში საკვანძო ფიგურა გახდა, ის ასრულებდა ჰამასის ელჩის ფუნქციებს ჰეზბოლასთან. 

"ჰამასისთვის არურის საუკეთესო კოორდინატორი იყო სხვადასხვა ფლანგებს შორის - მას ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობები ღაზაში მყოფ ლიდერებთან და ის დაახლოებული იყო კატარში მყოფ პოლიტიკურ ლიდერებთანაც. ის ეფექტური და კარგი კოორდინატორი იყო, როდესაც საქმე შიდა დავებს ეხებოდა",- ამბობს Amwaj Media-სთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

ალ-არურის გაზრდილი გავლენის ფონზე 2015 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერიტორისტთა სიაში შეიყვანა და მის ადგილსამყოფელზე ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის ჯილდოც დააწესა.

ამავე წყაროს ცნობით, ალ-არურის თავდაპირველად არ ჰქონია კარგი ურთიერთობა ჰეზბოლასთან, რაც სირიასთან მიმართებით განსხვავებული პოზიციებით იყო განპირობებული. მაღალი ალბათობით, კავშირების გაუმჯობესება მას შემდეგ დაიწყო, რაც არური ლიბანში გადაბარგდა. წყაროების ცნობით, მას კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ჰეზბოლას ლიდერთან, ჰასან ნასრალასთან. 

"ნასრალამ ალ-არური ჰამასში მის მთავარ დასაყრდენად აქცია, ორგანიზაციის შიგნით, ალ-არური მთავარ პროირანელად მიიჩნეოდა",- ამბობს ანონიმური წყარო. 

ამ თვალსაზრისით სალეჰ ალ-არური საკვანძო ფიგურა იყო არამხოლოდ ჰამასის ლიდერებს შორის, არამედ ირანთან კოორდინაციის თვალსაზრისით. მათ შორის, სწორედ მისი გავლით ხდებოდა ირანული შეიარაღების გადაცემა და გეგმების კოორდინაცია. 

სირიის საკითხზე უთანხმოების კვალის გასაქრობად ალ-არური გასულ წლებში რამდენიმეჯერ ეწვია ირანს. 2018 წელს ალ-არური საკუთარ რეზიდენციაში მიიღო ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა, აიათოლა ალი ხამინეიმ. "ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მზად არის პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობას რეალური მხარდაჭერა გაუწიოს",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პალესტინურ მედიასთან საუბარში სალეჰ ალ-არურიმ. 

აქამდე 1 წლით ადრე ალ-არური ჰამასის პოლიტბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს, რაც ორგანიზაციაში მის გაზრდილ გავლენებზე მეტყველებდა. 

ალ-არური თეირანში იმყოფებოდა ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგაც - სადაც ისმაილ ჰანიესთან ერთად გუშაგთა კორპუსის ყუდსის დანაყოფის ახალ მეთაურს, ისმაილ ქაანის შეხვდა.

იმავე Amwaj Media-ს ცნობით, ალ-არური და ქაანი ხშირად ურთიერთობდნენ ბოლო თვეებში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე ირანელი გენერალი ბეირუთში დიდი ხნით რჩებოდა. 

შესაძლო შემობრუნების წერტილი 

 

რეგიონის არაერთი მკვლევარის აზრით, ალ-არურის ლიკვიდაცია აჩვენებს ისრაელის გაზრდილ ტოლერანტობას კონფლიქტის გაფართოების რისკის მიმართ. მიუხედევად იმისა, რომ ალ-არურის ლიკვიდაცია წერტილოვანი ოპერაცია იყო და მშვიდობიანი მსხვერპლი არ მოჰყოლია, ამგვარი დარტყმა ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი გამწვავებაა. 

"ჰეზბოლა დიდი გამოცდის წინაშეა, მათ უნდა გადაწვიტონ სურთ თუ არა ესკალაცია და როგორი იქნება აღქმა მათ მხარდამჭერებში იმ შემთხვევაში თუ ისინი უმოქმედობას არჩევენ",- წერს სტრატეგიულ კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ემილ ჰოკაიემი. 

ვითარების გამწვავების ფონზე ჰეზბოლამ ჰასან ნასრალას მორიგი მიმართვა დაანონსა, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება - ეს 7 ოქტომბრის შემდეგ ნასრალას მესამე სატელევიზიო მიმართვა იქნება. 

საყურადღებოა, რომ ალ-არურის ლიკვიდაციას წინ უძღოდა ისრაელის საჰაერო დარტყმა დამასკოს ერთ-ერთი უბანზე. 26 დეკემბერს განხორციელებული დარტყმის შედეგად მოკლულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური სირიაში, სეიდ რადი მუსავი. 

ჰამასის ლიდერებისა და მათი ირანელი კოორდინატორების ლიკვიდაციის კამპანიის გაფართოების ფონზე რისკები მატულობს რეგიონში სხვა ქვეყნებში მყოფი ჰამასის სხვა ლიდერებისთვისაც. 

მსგავსი სიახლეები