ჰამასის ლიდერი: იერუსალიმისთვის ბრძოლაში გავიმარჯვეთ
ღაზას სექტორიდან თელ-ავივსა და სამხრეთ ისრაელის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო შეტევების შემდეგ, ჰამასის ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე ამბობს, რომ ჰამასმა "იერუსალიმისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა".
"იერუსალიმისთვის ბრძოლაში გამარჯვებას მივაღწიეთ, ჩვენ დავიცავით იერუსალიმი. იერუსალიმი კონფლიქტის ყველაზე მნიშვნელოვანი ღერძია",- ამბობს ისმაილ ჰანიე.
ისმაილ ჰანიეს თქმით, ჰამასმა ისრაელთან ბრძოლაში ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე გამარჯვებას მიაღწია. ჰანიეს აზრით, სწორედ ჰამასის გამარჯვება იყო ულტრანაციონალისტური ჯგუფების ყოველწლიური მარშის გაუქმების მიზეზი, იერუსალიმში მდებარე დამასკოს კარიბჭესთან.
"დღეს ღაზამ უპასუხა გამოწვევას, შეუძლებელია ღაზა შედრკეს, როდესაც საქმე იერუსალიმს და ალ-აქსას მეჩეთს ეხება",- ამბობს ჰანიე.
11 მაისს ღაზას სექტორიდან ისრაელზე ბოლო დღეებში რიგით მესამე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. სარაკეტო შეტევის შედეგად დაიღუპა 1 ქალი. შემთხვევა თელ-ავივის სამხრეთ ნაწილში, რიშონ ლეციონში მოხდა.
ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. ღაზადან გაშვებული რაკეტები ცენტრალური ისრაელის რამდენიმე ქალაქში ჩამოვარდა, მათ შორის, რამათ განში, თელ-ავივში, აშდოში. ამ დროის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლეს.
გუშინ, 10 მაისს ღაზას სექტორიდან ებრაული ქალაქების მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაისროლეს.
ებრაელი სამხედროების ცნობით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემამ "რკინის გუმბათმა" ჩამოაგდო, ხოლო ნაწილი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
სარაკეტო შეტევების საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში მდებარე 130 მტრულ ობიექტზე საჰაერო შეტევა განახორციელა. ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, საჰაერო შეტევების შედეგად მოკლულია დაჯგუფება ჰამასის 15 წევრი, რომლებიც სარაკეტო შეტევაში მონაწილეობდნენ. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ცნობებს გარდაცვლილი მშვიდობიანი პალესტინელების შესახებ
ღაზას ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ისრაელის საჰაერო შეტევებს 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც. უწყების ინფორმაციით, დაშავებულია 75 ადამიანი.
რამ გამოიწვია ესკალაცია
სამხედრო ესკალაცია აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და ებრაელ პოლიციელებს შორის მიმდინარე შეტაკებებმა გამოიწვია. ეთნიკურ პალესტინილებსა და ისრაელელ სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს დაშავდა 300 ადამიანი.
სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 250-ზე მეტმა პალესტინელმა, მათგან 88 ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. წითელი ჯვრის ინფორმაციით, დაშავებულების უმეტესობას რეზინის ტყვიები მოხვდა.
შეტაკებები აღმოსავლეთ იერუსალიმის ორ რაიონში, ტაძრის გორასთან და შეიხ ჯარახში მოხდა. ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ორი რაიონიდან პალესტინურ ოჯახებს ასახლებენ, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. შეტაკებები პოლიციასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ალ-აქსას მეჩეთთან რამადანის ბოლო პარასკევის აღსანიშნავად მისულმა პალესტინელებმა ებრაელ პოლიციელებს ქვები დაუშინეს.
ეთნიკური პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე პალესტინური ოჯახის გასახლებას აპროტესტებდნენ.
ებრაულ-არაბულ კონფლიქტში აღმოსავლეთ იერუსალიმის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია, პალესტინელი არაბები იერუსალიმს მომავალი პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ, ხოლო ებრაელები იერუსალიმის ერთიანობის პრინციპს ემხრობიან, რომლის მიხედვითაც იერუსალიმი ერთიანი ებრაული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი და დედაქალაქია.
ებრაუ-არაბული კონფლიქტის გადაწყვეტის ბოლო სერიოზული მცდელობა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ეკუთვნის. 2020 წლის იანვარში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ებრაულ-პალესტინური კონფლიქტის გადაჭრის გენერალური სტრატეგია წარმოადგინა, რომელსაც თავად ტრამპი საუკუნის გარიგებას უწოდებდა. გეგმის მიხედვით, იერუსალიმი კვლავ ისრაელის დედაქალაქი იქნებოდა, ხოლო პალესტინის დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმი გამოცხადდებოდა.
ამავე გეგმით, იერუსალიმში მდებარე ტაძრების გორაზე, რომელზეც ისლამისა და იუდაიზმისთვის მნიშვნელოვანი სიწმინდეებია განლაგებული შენარჩუნებული იქნებოდა სტატუს-კვო. ისრაელის იურისდიქცია გავრცელდებოდა მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე, იუდეასა და სამარიაზე.
გეგმის მიხედვით, პალესტინის ტერიტორია გაორმაგდებოდა, ამასთანავე აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა ორგანიზაცია ჰამასის განიარაღება და ღაზას სექტორის დელიმიტაცია.
დოკუმენტი მოიწონეს ისრაელში, თუმცა ის მკაცრად გააკრიტიკა პალესტინურმა ადმინისტრაციამ და არაბული ქვეყნების უმეტესობამ.