"ჰამასის" თავდასხმა ისრაელზე: დაიღუპა მინიმუმ 22 ადამიანი, დაშავდა 300-ზე მეტი
შაბათს დილით, პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ისრაელზე მასშტაბური სახმელეთო და სარაკეტო შეტევა დაიწყო.
ყველასთვის მოულოდნელად, "ჰამასის" მებრძოლებმა ბლოკადაში მყოფი ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის ბლოკპოსტები გაარღვიეს და სამხრეთ ისრაელში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ.
პარალელურად დაიწყო სარაკეტო შეტევაც. სხვადსხვა ცნობებით, ისრაელის მიმართულებით გაისროლეს 5000-დან 7000-მდე რაკეტა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა მინიმუმ 22 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 300-ზე მეტია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია.
"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, ომში. და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ." - თქვა მან.
ისრაელის მედიის ცნობით, აღმოსავლეთ იერუსალმის ზოგიერთ მეჩეთში პალესტინურ მოსახლეობას მოუწოდებენ "წინააღმდეგობას შეუერთდნენ."
მძიმე ვითარებაა ღაზას სექტორის სასაზღვრო დასახლებებში. ისრაელის მე-12 არხის პირდაპირ ეთერში დარეკეს მოქალაქეებმა, რომლებიც საუბრობდნენ, რომ ჰამასის მებრძოლები მათ სახლებში შეჭრას ცდილობენ.
მასალა განახლებადია.