ჰამასის თავდასხმის შემდეგ ღაზაში პირველად შევიდა ჰუმანიტარული ტვირთი

7 ოქტომბრის შემდე ღაზაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი ეგვიპტიდან შევიდა - რამდენიმე საათით გახსნილი რაფას სასაზღვრო პუნქტი მედიკამენტებითა და საკვებით დატვირთულმა ოცმა სატვირთო ავტომობილმა გაიარა. 

საზღვარი ეგვიპტის მხრიდან მალევე დაიკეტა. ღაზაში მყოფმა უცხოეთის მოქალაქეებმა ეგვიპტეში გადასვლა ისევ ვერ შეძლეს. 

ჰუმანიტარული მისიების ცნობით, სექტორის 2 მილიონზე მეტ მოქალაქეს ყოველდღიურად დაახლოებით 100 სატვირთო ავტომობილი ჰუმანიტარული ტვირთი ჭირდება. კონფლიქტის გამწვავებიდან ამ დრომდე სახლი დაკარგა ღაზის მოსახლეობის ნახევარმა. 

გატარებულ ჰუმანიტარულ ტვირთს შორისაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 4 სატვირთოც - საუბარია, ქრონიკული დააავადებების მედიკამენტებზე, ტრავმის და ჭრილობის სამკურნალო საშუალებებზე. 

კონტექსტი 

პარალელურად ეგვიპტეში ჰამას-ისრაელის ომისადმი მიძღვნილი სამიტი მიმდინარეობს. თავის მხრივ ეგვიპტე ეწინააღმდეგება პალესტინელი დევნილების ქვეყანაში შეშვებას - ღაზას მხრიდან ეგვიპტეში შესასვლელად აუცილებელია სპეციალური ნებართვა, რომლის მოპოვებაც ღაზელთა უმეტესობისთვის თითქმის შეუძლებელია. 

ჰამასის თავდასხმის შემდეგ, რასაც ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხერპლა, ნეთანიაჰუს მთავრობამ ღაზას სრული ბლოკადა დაუწესა - შეწყდა წყლის, ელექტროენერგიისა და საკვების მიწოდება, ისრაელი ბლოკავდა ჰუმანიტარულ ტვირთებს ეგვიპტიდანაც, ხოლო რაფას გადასასვლელი რამდენიმეჯერ დაიბომბა. 

ამ დროისთვის ღაზა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა გადატვირთულია საავადმყოფოები, საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი მილიონზე მეტი ადამიანი. 

ჰამასის მიერ გავრცელებული მონაცემებით 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 4 300 აღემატება, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 13 000.

ეგვიპტის მხრიდან ჰუმანიტარული ტვირთის გატარებას ისრაელის პრემიერმინისტრი ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ დათანხმდა. 

ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, მათ სთხოვეს ისრაელს გატარებული სატვირთოების რაოდენობა დღეში 50 ავტომობილამდე გაეზარდათ, თუმცა თხოვნაზე უარი მიიღეს. 

მსგავსი სიახლეები