ჰერჩინსკი: პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს, ესაა ყველაზე დიდი სხვაობა EU-სა და სსრკ-ს შორის

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას მთავრობის მიერ არჩეული კურსი ხელახლა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანს პატივს სცემს, რითაც საბჭოთა კავშირისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება 

"არჩევნები ზუსტად ერთ კვირაში იქნება. ეს თქვენი არჩევანია, თქვენი გადაწყვეტილებაა თქვენი და თქვენი შვილების მომავლის შესახებ. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს გადაწყვეტილებას და ეს არის ყველაზე დიდი სხვაობა ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის - ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს. თქვენი მომავალი თქვენი გადასაწყვეტია და სხვა არავისი". - თქვა ჰერჩინსკიმ. 

ჰერჩინსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს კონკრეტული ფუძემდებელი ღირებულებები აქვს, რომლებზეც კომპრომისი არ მოხდება. მისივე თქმით, თუ საქართველო ერთპარტიულად სახელმწიფოდ იქცევა და გადაწყვეტს, რომ ოპოზიცია აკრძალოს, სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია შეზღუდოს, ევროკავშირში არასდროს გაწევრიანდება, "არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს". 

"თუმცა, პატივი ეცით იმას, რომ ევროკავშირი გარკვეულ ღირებულებებზე არის აგებული - თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, ეს ღირებულებები უკომპრომისოა.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ აქციოთ, თუ გადაწყვეტთ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალოთ, თუ გადაწყვეტთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გაყაროთ, რათა საქართველო ისეთ ადგილად აქციოთ, სადაც არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის ადგილი, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში სათითაოდ ყველა პიროვნების ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული, ღიად გეტყვით: საქართველო ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2023 წელს არ გახდება". - თქვა ჰერჩინსკიმ. 

მანამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირი გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი ქცევა "არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან". 

"რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით არ განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან.

[…] ევროპას რატომ აქვს ფასი? იმიტომ, რომ განსხვავებული სახელმწიფოები არის ევროკავშირში - თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ისევ ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს მაშინ საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის სტატუსი". - თქვა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები