ჰეზბოლას დარტყმას გოლანზე 11 ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელი მკაცრ პასუხს აანონსებს

ჰეზბოლას მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდ ალ-შამსში 11 ადამიანი დაიღუპა. 

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დაღუპულები 20-წლამდე ასაკის არიან, უმეტესობა კი არასრულწლოვანია - ლიბანიდან ნასროლი რაკეტა ქალაქის ერთ-ერთ სპორტულ მოედანზე ჩამოვარდა, რა დროსაც იქ ბავშვები იმყოფებოდნენ. მძიმედ დაშავებულია 40-მდე ადამიანი. 

IDF-ის პრესსპიკერის, დენიელ ჰაგარის თქმით, პირველადი გამოძიებით დადგინდა, რომ დარტყმა ირანის მარიონეტულმა ჰეზბოლამ განახორციელა. დღის განმავლობაში ჰეზბოლა აცხადებდა, რომ ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვა, თუმცა ინციდენტთან შემხებლობას უარყოფს. ჰაგარის თქმით, უკვე დაწყებულია გამოძიება იმაზეც, თუ რატომ ვერ გაუმკლავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა რაკეტას. 

ჰეზბოლას სარაკეტო იერიშს წინ უძღოდა ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმა ლიბანის ტერიტორიაზე, რომელსაც დაჯგუფების 4 მებრძოლი ემსხვერპლა. 

ჰეზბოლას მიერ მებრძოლების დაღუპვის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მებრძოლები იერუსალიმის გზაზე დაიღუპნენ - ამგვარად ჰეზბოლა ისრაელის დარტყმებისას მოკლულ ჯარისკაცებს მოიხსენიებს. 

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "ჰეზბოლამ გადაკვეთა ყველა შესაძლო წითელი ხაზი, პასუხი იქნება შესაბამისი."

ისრაელში დროზე ადრე ბრუნდება პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ამ დრომდე აშშ-ში იმყოფება, სადაც 27 ივლისს დონალდ ტრამპსაც შეხვდა. 

გამოცემა Axios-ის ცნობით, თეთრ სახლში შიშობენ, რომ შესაძლოა დიდი ომის დაწყების საბაბი გახდეს, რომლის არიდებასაც უკვე მრავალი თვეა ცდილობს ბაიდენის ადმინისტრაცია. 

კონტექსტი 

ისრაელის მიმართულებით შეტევები ჰეზბოლამ 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ მალევე დაიწყო - დაჯგუფებაში აცხადებდნენ, რომ ამგვარად ჰამასის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ. დაჯგუფების მეთაურის თქმით, ჰებზოლას შეტევები ღაზაში ისრაელის ოპერაციის დასრულებამდე გაგრძელდება. 

თვეების განმავლობაში ისრაელი-ლიბანის საზღვარზე დაპირსპირება პერიოდულად მწვავდებოდა. ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა მონაცემებით, მოკლულია დაჯგუფების 500-მდე მებრძოლი, მსხვერპლი არის ისრაელის მხარესაც. 

ბოლო თვეებში გამწვავებულ რიტორიკასთან ერთად საჰაერო, საარტილერიო, თუ დრონის შეტევები უფრო მასშტაბური ხასიათისაა. 

ისრაელის არმიის ხელმძღვანელობაში ამბობდნენ რომ ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარზე ვითარება კრიტიკულ წერტილს უახლოვდებოდა. ამ ფონზე ისრაელის ომის კაბინეტში სულ უფრო აქტიურად ისმის მოწოდებები ჰეზბოლას წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების აუცილებლობის შესახებ. 

6 ივნისს გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკელი კოლეგები აფრთხილებდნენ ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ჰეზბოლასთან მცირე ან ლიმიტირებული ომის ოფცია არ იყო რეალისტური და რომ დაპირისპირებაში ირანის პირდაპირი ჩართვაა მოსალოდნელი. 

ისრაელისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება 60 ათასამდე ევაკუირებული მოქალაქე ლიბანის საზღვრისპირა ტერიტორიიდან. ევაკუირებულთა რიცხვი უფრო მაღალია საზღვრის ლიბანურ მხარეს. 

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ისრაელის ერთ-ერთ მთავარი მიზანი საზღვრის ზოლიდან ჰეზბოლას ელიტური დანაყოფების 10-15 კილომეტრით ჩაჩოჩებაა. საყურადღებოა, რომ 2006 წლის ისრაელსა და ლიბანს შორის მიღწეული შეთანხმდებით, ჰეზბოლა ვალდებული იყო შეიარაღება ამ ზოლიდან გაეყვანა, თუმცა დაჯგუფება შეთანხმებას არ ასრულებს. 

25 ივნისს Financial Times-თან საუბარში ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის მრჩეველმა კამალ ხარაზიმ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ჰებზოლას წინააღმდეგ მასშტაბური იერიშის წამოწყება რეგიონული ომის დაწყების წინაპირობა გახდება და ამ ომში ირანი მთელი თავისი რესურსით დაუჭერს მხარს ჰეზბოლას. 

მსგავსი სიახლეები