ჰონგ-კონგის არჩევნებში პრო-პეკინურმა ძალებმა გაიმარჯვეს

 

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოს (LegCo) არჩევნებში პრო-პეკინურმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი ძალები საბჭოში 90-დან 82 მანდატს მოიპოვებენ.

არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის რეკორდულად მცირე ნაწილმა - ამომრჩევლების 30.2 %-მა - მიიღო.

ხმის მიცემის დღეს პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, რომლებიც ჰონგ-კონგელებს არჩევნების ბოიკოტისკენ ან ბიულეტენის „გაფუჭებისკენ“ მოუწოდებდნენ.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, არჩევნების წყალობით ქალაქში „წესრიგი აღდგა“ და „დემოკრატიამ ჰონგ-კონგური მახასიათებლებით“ დაისადგურა.

 


საკანონმდებლო საბჭო ჩინეთის ტერიტორიის - რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში ფართო ავტონომიით სარგებლობს - ძირითად მმართველ ორგანოს წარმოადგენს.

ეს LegCo-ს პირველი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც პეკინმა თვითმმართველი ქალაქის ავტონომია მკვეთრად შეკვეცა და ჰონგ-კონგის საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა.

მარტში პეკინმა „ჰონგ კონგის პატრიოტთა“ აქტი მიიღო, რომელმაც საკანონმდებლო საბჭოში პირდაპირი წესით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა მკვეთრად შეამცირა.

ამჟამად ჰონგ-კონგელები საბჭოს 90-დან 20 წევრს ირჩევენ. შემადგენლობის ნახევარს პეკინის გავლენის ქვეშ მყოფი საარჩევნო კომიტეტი ნიშნავს, დანარჩენებს კი ბიზნეს-წრეები ასახელებენ.

მსგავსი სიახლეები