ინდოეთში მდინარეების სანაპიროებზე ასობით ცხედარს პოულობენ
ინდოელმა სამართალდამცავებმა ასობით ცხედარი მდინარეების სანაპიროებზე იპოვეს. Associated Press-ის ცნობით, ეს შეიძლება კორონავირუსით დაღუპული ადამიანების ცხედრები იყოს.
ჟურნალისტების განცხადებით, ქალაქ პრაიაგრაიში, პოლიციელებმა 300 ცხედარი იპოვეს. პოლიციის ოფიცერმა განაცხადა, რომ ქალაქში კრემაციის ადგილები გამოყოფილია და პოლიცია არ დაუშვებს ადამიანების დაკრძალვას მდინარის პირას.
უტარ პრადეშის შტატის მთავრობის სპიკერის, ნავნეთ სეჰგალის განცხადებით, სოფლების ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კრემაციაზე უარი თქვეს და ინდუისტური ტრადიციის გამო მდინარეში ჩაყარეს ცხედრები.
”მე ვფიქრობ, რომ ამ სხეულებს არანაირი კავშირი არ აქვთ COVID-19-თან,” - თქვა სეჰგალმა.
ინფორმაციის გავრცელება ინდოეთში არსებულ უმძიმეს ეპიდვითარებას მოჰყვა. უტარ პრადეშის და ბიჰარის პროვინციები კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა.
კვირას, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობებით, ქვეყანაში ინფიცირების 311,170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 4,047 ადამიანი დაიღუპა.