ირანი ეჭვობს, რომ ტრამპის მცდელობა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მორიგი ხაფანგია
ირანელმა მაღალჩინოსნებმა ქვეყნებს, რომლებიც აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლობას ცდილობენ, განუცხადეს, რომ ტრამპმა ისინი უკვე ორჯერ მოატყუა და „აღარ გვსურს, კიდევ ერთხელ გაგვაცურონ“.
ინფორმაციას გამოცემა Axios-ი დისკუსიებში ჩახედულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვითარების არსი: აშშ აქტიურად ლობირებს პირისპირ სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას, რომლებიც, შესაძლოა, უკვე ხუთშაბათს პაკისტანში შედგეს.
- თუმცა, აშშ-ირანის მოლაპარაკებების წინა ორი რაუნდის დროს, ტრამპი ირანს მოულოდნელად დაესხა თავს, როდესაც პარალელურად აცხადებდა, რომ შეთანხმებას ეძებდა.
წარსული გამოცდილება: გასული წლის ივნისში, ისრაელმა ირანზე იერიში ტრამპის მხარდაჭერით მიიტანა - ბირთვული მოლაპარაკებების დაგეგმილ რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე.
- ხოლო სამი კვირის წინ, აშშ-მა და ირანმა ჟენევაში მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას მოლაპარაკებების მომდევნო კვირაში გაგრძელების შესახებ - აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმამდე ორი დღით ადრე.
კულუარებში: ირანელმა ოფიციალურმა პირებმა შუამავლებს - პაკისტანს, ეგვიპტესა და თურქეთს - განუცხადეს, რომ აშშ-ის სამხედრო გადაადგილებებმა და ტრამპის გადაწყვეტილებამ ჯარების მასშტაბური გაძლიერების შესახებ, გაზარდა მათი ეჭვი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზება მხოლოდ ხაფანგია.
- ტრამპის ადმინისტრაციისთვის ძალების კონცენტრაცია იმის ნიშანია, რომ ის სერიოზულადაა განწყობილი მოლაპარაკებებისთვის „სამხედრო გემებიდან“ და არა იმის, რომ ის არაკეთილსინდისიერად მოქმედებს.
- „ტრამპს ერთი ხელი შეთანხმებისთვის აქვს გაწვდილი, მეორე კი მუჭად აქვს შეკრული და ელოდება, როდის გხეთქოს სახეში“, - განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.
- თეთრმა სახლმა ირანელებს გაუგზავნა შეტყობინება, რომ ტრამპი მოლაპარაკებებისადმი სერიოზულადაა განწყობილი და ამის დასტურად პროცესში ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის შესაძლო ჩართვაზე მიანიშნა.
- ორი წყაროს ცნობით, ვიტკოფმა ვენსის კანდიდატურა მისი ოფისის სტატუსისა და იმის გამო შეარჩია, რომ ირანელები მას „ქორად“ არ მიიჩნევენ.
რას ამბობს პრეზიდენტი: სამშაბათს ტრამპმა ჟურნალისტებს ირანელებთან ნდობის აღდგენის აშკარა მცდელობის შესახებ განუცხადა.
- „მათ გუშინ რაღაც საოცრება გააკეთეს. საჩუქარი მოგვიძღვნეს, რომელიც დღეს ჩამოვიდა. ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, რომელიც უზარმაზარი თანხა ღირს“, - თქვა ტრამპმა.
- სპეციფიკური დეტალების დასახელების გარეშე, მან აღნიშნა, რომ ირანული „საჩუქარი“ ნავთობსა და გაზს უკავშირდებოდა და ჰორმუზის სრუტეში „ნაკადის“ მოძრაობასთან იყო კავშირში.
- ტრამპი ამტკიცებს, რომ ეს ადასტურებს აშშ-ის ურთიერთობას თეირანში სწორ ადამიანებთან: „მათ თქვეს, რომ ამას გააკეთებდნენ და ასეც მოხდა; ისინი ერთადერთნი იყვნენ, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო“.
თუმცა: აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპი ერთდროულად ცდილობს განავითაროს როგორც დიპლომატიის, ისე სამხედრო ესკალაციის ვარიანტები, რათა გადაწყვეტილება მოვლენების მიხედვით მიიღოს.
- მათივე თქმით, დაგეგმილია ომის კიდევ ორი-სამი კვირით გაგრძელება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოლაპარაკებები შედგება.
- თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ტრამპმა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს სამშაბათს დაავალა, შეინარჩუნოს სამხედრო ზეწოლა ირანზე. „ჩვენ მოლაპარაკებებს ბომბებით ვაწარმოებთ“, - განუცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.
სამხედრო მზადყოფნა: მოლაპარაკებების დაწყების მცდელობას ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ შეუტანია პენტაგონის მიერ ცენტრალური სარდლობისთვის (CENTCOM) მიცემულ ბრძანებებში.
- უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ძალების ჩასვლაა მოსალოდნელი, მათ შორის რამდენიმე გამანადგურებელი ესკადრილიისა და ათასობით ჯარისკაცის.
- რეგიონისკენ მიემართება 82-ე სადესანტო დივიზიის 5 ათასამდე სამხედრო, 31-ე და მე-11 საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო დანაყოფი; ჯამში, დაახლოებით, 10 ათასი სამხედრო.
- თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სახმელეთო ოპერაციაც განიხილება, თუმცა ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
რას ველოდოთ: Axios-ის ცნობით, ირანელებმა ორშაბათს დილით შუამავლების მეშვეობით მიიღეს აშშ-ის 15-პუნქტიანი გეგმა. ამ ეტაპზე აშშ-ს სურს გეგმის პაკეტის სახით განხილვა:
- ომის დასრულება, სრუტის გახსნა, სანქციების მოხსნა და გარანტიების მიღება ირანის ბირთვულ საქმიანობაზე, სარაკეტო პროგრამასა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერაზე.
- აშშ 15-პუნქტიან გეგმას მოლაპარაკებების საფუძვლად მიიჩნევს და სურს, რომ ირანმა ის ამ ხუთშაბათს პაკისტანში განიხილოს.
- თეთრი სახლის ოფიციალური პირის თქმით, ირანის პრიორიტეტი დაბომბვის შეწყვეტა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა, ხოლო აშშ-ს სურს ნახოს, წავლენ თუ არა ირანელები ისეთ დათმობებზე, რისთვისაც წინა მოლაპარაკებებზე მზად არ იყვნენ.