ირანმა ბირთვულ ობიექტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაასახელა
შაბათს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაასახელა.
ტელევიზიის ცნობით, ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქე, 43 წლის რეზა ქარიმია, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა. ტელევიზიამ მისი ფოტოც აჩვენა. თუმცა, უცნობია, როგორ შეაღწია მან ირანის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ობიექტზე.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ეჭვმიტანილის მოსაძებნად და ქვეყანაში დასაბრუნებლად “აუცილებელი ზომები” მიღებულია. სახელმწიფო უწყებებმა უკვე მიმართეს ინტერპოლს ქარიმის წითელი ცირკულარით ძებნის მოთხოვნით. ჯერჯერობით ინტერპოლს ამ მიმართვაზე პასუხი არ გაუცია.
წითელი ცირკულარით ძებნის მიმართვაში ჩამოთვლილი იყო ქარიმის მოგზაურობის ისტორია. ის წარსულში ესპანეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კენიაში, ეთიოპიაში, კატარში, თურქეთში, უგანდასა და რუმინეთში იმყოფებოდა. ნათანზის ბირთვულ ობიექტზე აფეთქებაში ირანი ისრაელს ადანაშაულებდა.
ირანის მთავრობის წარმომადგნელებმა სამშაბათს დაადასტურეს, რომ აფეთქებამ გაანადგურა ან დააზიანა ათასობით ცენტრიფუგა, რომელიც შემდეგ ურანის გასამდიდრებლად გამოიყენება. ირანის ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი 11 აპრილს მოხდა. ირანის ხელისუფლებამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს იყო დივერსია ისრაელის მხრიდან. ნათანზის ბირთვულ ობიექტი ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრალური ნაწილია.