ირანში კორონავირუსით ინფიცირების დღიური რეკორდი დაფიქსირდა
ოთხშაბათს, ირანში, რეკორდულად მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი - 20,954 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების ტემპით ახლო აღმოსავლეთში ყველაზე რთულ მდგომარეობაშია.
ვირუსის აფეთქების ფონზე ირანის დიდ ქალაქებში 2 კვირიანი შეზღუდვები დაწესდა. ამ პერიოდში, ქვეყანაში, ნოვრუზი და სპარსული ახალი წელი აღინიშნება, სადაც, ტრადიციულად, მილიონობით ადამიანი კასპიის ზღვის სანაპიროსკენ მიემართებოდა დასასვენებლად, თუმცა, წელს ეს ვეღარ მოხდება.
ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში ვაქცინაციის ძალიან დაბალი ტემპი. ირანმა 84 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 200,000 აცრა. COVAX პლატფორმის დახმარებით, ორშაბათს ირანმა კიდევ 700,000 Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა მიიღო.
ირანის ჯანდაცვის მინისტრის, საედ ნამაკის ბრძანებით ყველა პარკი, რესტორანი, საცხობი, სილამაზის სალონი და მოლი დაიხურა თეირანსა და 250 ქალაქში. ეს ქალაქები “წითელ ზონად” გამოცხადდა, რადგან სწორედ აქ ფიქსირდება ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ქვეყნის ტერიტორიის 85% “წითელ” ან “ნარინჯისფერ” ზონაშია.
ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების განცხადებით ინფექციის ზრდა ადამიანების დიდი რაოდენობის შეკრებამ და შეზღუდვებისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანელი სამართალდამცავები მოქალაქეებს შეზღუდვების დარღვევისთვის იშვიათად სჯიან.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში 1.9 მილიონი ადამიანი დაინფიცრდა და 63,699 გარდაიცვალა.