ისლანდიამ ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა
ისლანდიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადუტირმა Twitter-ზე 23 მარტს განაცხადა.
"ნოემბერში მე კიევში ვესტუმრე ჰოლოდომორის მემორიალს. ეს იყო საშინელი დანაშაულის გულისამაჩუყებელი შეხსენება. დღეს Althing-მა (ისლანდიის პარლამენტმა - რედ.) 1932-1933 წლების ზამთრის ხელოვნური შიმშილობა აღიარა, როგორც მოსკოვის ტოტალიტარული ხელისუფლების მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი." - წერს ის.
კონტექსტი
1932-1933 წლების ჰოლოდომორი არის მასიური შიმშილობა, რამაც უკრაინის სსრ-ს სოფლებში მრავალი მილიონი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ჰოლოდომორის მუზეუმის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ იმ წლებში შიმშილის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 7 მილიონ ადამიანს მიაღწია.
უკრაინაში ჰოლოდომორი განიხილება, როგორც გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც შთაგონებული იყო სსრკ-ს მთავრობის მიერ.