ისრაელი აცრილი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის
ისრაელის ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის დღიური შემთხვევების კლების ფონზე ქვეყანა ზოგიერთი სახელმწიფოდან აცრილი ტურისტების შემოშვებას გეგმავს.
საზღვრები არ გაიხსნება იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც "წითელ ზონაში" არიან.
ისრაელმა აცრილი ტურისტები პირველად მაისში დაუშვა, თუმცა 11 აგვისტოს, კორონავირუსის ახალი ტალღის და შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საზღვრები ისევ ჩაკეტა.
საპილოტე პროგრამის პირველი ნაწილის ფარგლებში ისრაელში 2000 ტურისტი ჩავა.
ვიზიტორები სრულად აცრილი უნდა იყვნენ და ჩასვლისას PCR ტესტის ნეგატიური პასუხი წარმოადგინონ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ისრაელში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დღეში 10 000-ს აღწევდა.