ისრაელი: ეგვიპტიდან ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარულ ტვირთს აღარ დაბლოკავთ

ჯო ბაიდენისა და ბიბი ნეთანიაჰუს შეხვედრის შემდეგ ისრაელის მთავრობაში ამბობენ, რომ აღარ დაბლოკავენ ეგვიპტიდან ღაზის სექტორში მიმავალ ჰუმანიტარულ ტვირთს. 

ამის შესახებ საგანგებო კაბინეტის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია. 

ისრაელის მთავრობის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისრაელი არ გაატარებს ჰუმანიტარულ ტვირთებს საკუთარი ტერიტორიიდან ღაზის სექტორში, სანამ ტერორისტები მძევლებს არ გაათავისუფლებენ. 

გარდა ამისა, ისრაელის მთავრობა მოითხოვს, რომ წითელი ჯვრის წარმომადგენლებს მიეცეთ მძევლების მონახულების საშუალება.

რაც შეეხება ეგვიპტიდან ღაზისკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ტვირთებს ნათქვამია, რომ ისრაელი არ შეუშლის ხელს პროცესს და გაატარებს საკვებს, წყალს და მედიკამენტებს, რომელიც ღაზის სამხრეთში დაბანაკებული მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. 

ამასთანავე, ისრაელის მთავრობაში ამბობენ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც ჰამასისთვის იქნება განკუთვნილი კვლავ დაიბლოკება. 

კონტექსტი

7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორის სრული ჰუმანიტარული ბლოკადა გამოაცხადა. სექტორს შეუწყდა წყლის, ელექტროენერგიის და ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდება. 

გარდა ამისა ისრაელი ამ დრომდე ბლოკავდა ჰუმანიტარული ტვირთების გატარებას ეგვიპტის საზღვრიდან - ისრაელის ავიაციამ რამდენჯერმე დაბომბა რაფას გამშვები პუნქტი. 

ეგვიპტური მხარის ცნობით, ღაზის საზღვართან უკვე მობილიზებულია ჰუმანიტარული ტვირთი, თუმცა პროცესის დაწყებას ხელს ისრაელის არმიის დაბომბვები უშლიდა. 

მსგავსი სიახლეები