ისრაელი ტაძრის მთას ებრაელებისა და არამუსლიმი ტურისტებისთვის რამადანის ბოლომდე ხურავს
ისრაელის მთავრობამ ტაძრის მთაზე, ისლამური წმინდა თვის რამადანის დასრულებამდე, ებრაელებისა და არამუსლიმი ტურისტების შესვლა აკრძალა. ამის შესახებ Jerusalem Post 11 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, სალოცავამდე მისვლა მხოლოდ მუსლიმებს შეეძლებათ და რელიგიური ებრაელები და ტურისტები არ დაიშვებიან. გადაწყვეტილება ისრაელის მინისტრებისა და უშიშროების ძალების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ამასთან, ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში ვითარება ტაძრის მთაზე შედარებით მშვიდია.
5 აპრილს ტაძრის მთაზე მდებარე ალ-აქსას მეჩეთში ისრაელის უსაფრთხოების ძალებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები მოხდა. თვითმხილველების თქმით, დარბევისას ისრაელის პოლიცია თავს დაესხა და დააკავა პალესტინელი მლოცველები. ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 400 პალესტინელი დააკავეს.
მას შემდეგ ისრაელი რამდენჯერმე დაბომბეს ღაზას სექტორიდან და ლიბანიდან, რასაც ისრაელის არმიამ საჰაერო დარტყმებით უპასუხა.
ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი ებრაული პასექისა და მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის აღნიშვნის დროს დაიწყო.