ისრაელი ტყვეების გაცვლაზე ახალი მოლაპარაკებებისთვის ემზადება - მე-12 არხი
ისრაელის მე-12 არხი ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ ახალი მოლაპარაკები შეიძლება მალე დაიწყოს.
"პირობები მომწიფებულია იმ ჩარჩოსთვის, რომლითაც შესაძლებელი იქნება ახალი შეთანხმების შემუშავების დაწყება," - თქვა წყარომ.
მისი თქმით, ასეთ შეთანხმებას შეიძლება "ჰუმანიტარული" ეწოდოს და მის ფარგლებში ქალები, დაშავებულები, ავადმყოფები და მოხუცები გათავისუფლდნენ. ვარაუდობენ, რომ მძევლებს შორის 15 არასამხედრო ქალია და ორი ბავშვია - 5 წლის არიელ ბიბასი და მისი პატარა ძმა კფირი.
მე-12 არხი წერს, რომ მოსადის ხელმძღვანელს დევიდ ბარნეას და ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელს ნიცან ალონს უბრძანეს მოისმინონ რა შემოთავაზებები აქვთ შუამავლებს, მაგრამ არ წამოაყენონ თავიანთი წინადადებები.
"თუ კატარელებს მოსმენა სურთ, ჩვენ მოვუსმენთ," - ამბობს ანონიმური წყარო.
მომავალ კვირაში ახალი შეთანხმება არ არის მოსალოდნელი, მაგრამ ისრაელს სურს გახსნას ფანჯარა შესაძლო შეთანხმებისთვის, ჰამასზე ისრაელის თავდაცვის ძალების მზარდი სამხედრო ზეწოლის ფონზე, თუ იაჰია სინვარი ახალი ზავისთვის მზად იქნება, პირობები წინასაწარ იქნება შეთანხმებული, როგორც წინა ზავისას.
გავრცელებული ინფორმაციით, ზავისთვის წინაღობაა ჰამასის სარდლობის და იერარქიის რღვევა. ჰამასის ზოგიერთი მაღალჩინოსანი, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს ღაზასა და კატარში გადასცემდნენ, მოკლეს.
ღაზას სექტორის ჩრდილეთსა და სამხრეთში ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფნა ორგანიზაციის შიგნით კომუნიკაციას მნიშვნელოვნად აფერხებს.
ისრაელსა და ჰამასს შორის ერთკვირიანი ზავის დროს ტერორისტების ტყვეობიდან 105 მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს, 240 პალესტინელი ქალისა და არასრულწლოვანი პატიმრის სანაცვლოდ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 138 მძევალი ჯერ კიდევ ჰამასის ტყვეობაშია.