ისრაელი უკრაინელ ლტოლვილებს მუშაობის უფლებას მისცემს
ისრაელი დათანხმდა იმ უკრაინელებისთვის სამუშაო ნებართვის მიცემას, რომლებიც იძულებულნი არიან დარჩნენ ქვეყანაში უკრაინასთან ომის გამო. ამის შესახებ 23 მაისს, ისრაელში უკრაინის საელჩომ ფეისბუქზე განაცხადა.
"ისრაელი უკრაინელ ლტოლვილებს მუშაობის უფლებას მისცემს. უკრაინის საელჩოსა და ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესის წყალობით, მთავრობის წინა აკრძალვა შეიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელი დიპლომატების თქმით, გადაწყვეტილება უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამუშაო ნებართვის მიცემის შესახებ 23 მაისს ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა აიელეთ შაკედმა დაადასტურა.
"საელჩო მიესალმება სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც უპრეცედენტოა ადგილობრივი კანონმდებლობისთვის. ნებართვები უკრაინელებს საშუალებას მისცემს ლეგალურად იმუშაონ ისრაელში და მიიღონ შემოსავალი, სანამ უკრაინაში ომია და ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში ვერ ბრუნდებიან", - აცხადებს საელჩო.
საელჩოს განცხადებით, "მუშავდება ნებართვების გაცემის პროცედურის საკითხი".
"გარდა ამისა, [ისრაელის] შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის დროებით დევნილ მოქალაქეებს ისრაელში ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა", - აღნიშნეს უკრაინელმა დიპლომატებმა.