ისრაელის ავიაციამ იემენში ჰუსიტების სამიზნეები დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეყნის ავიაციამ იემენში ჰუსიტი ტერორისტების სხვადსხვა სამიზნეები დაბომბა.

IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები მიზნად ისახავდა "ჰუსიტების ტერორისტული რეჟიმის" სამიზნეებს, როგორც იემენის დასავლეთ სანაპიროზე, ასევე შიგნით.

ისრაელის ავიაცია თავს დაესხა სანას აეროპორტის ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჰუსიტები, სავარაუდოდ, სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ.

გარდა ამისა, დაიბომბა ორი ელექტროსადგური და პორტის ინფრასტრუქტურა ქალაქ ჰოდეიდაში, ალ-სალიფსა და რას კანტიბში, დასავლეთ სანაპიროზე.

საუდი არაბეთის ტელეარხის, ალ-ჰადათის ცნობით, ავიადარტყმების ერთ-ერთი სამიზნე იყო ჰუსიტების შტაბი სანაში.

2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა ისრაელისკენ არაერთხელ გაუშვეს დრონები და რაკეტები. ისრაელთან ომი მათ ჰამასის მიმართ "სოლიდარობის" მიზნით დაიწყეს.

იემენელი ჰუსიტები ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული აშშ-ში, ევროკავშირში და ისრაელში.

ბოლოს ისრაელს ჰუსიტები 21 დეკემბერს დაესხნენ თავს, დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

მსგავსი სიახლეები