ისრაელის დაზვერვა: აშშ ირანთან 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება
ისრაელის სამხედრო დაზვერვის ოფიცრების ინფორმაციით, აშშ სავარაუდოდ 2015 წელს ირანთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ავსტრიის დედაქალაქში აშშ-სა და ირანს შორის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო, ისრაელის ხელისუფლება ღიად გამოთქვამს უკმაყოფილებას. ისრაელის პოლიტიკური ლიდერების თქმით, აშშ არ უნდა დაექვემდებაროს ირანისგან მომდინარე წნეხს და არ უნდა დაუბრუნდეს 2015 წლის შეთანხმებას.
"ჩვენ არ ვართ განწყობილები ოპტიმისტურად, არ გაგვიკვირდება, რომ აშშ-მა უახლოეს კვირებში ხელი მოაწეროს ირანთან შეთანხმებას",- ამბობს საგარეო დაზვერვის ერთ-ერთი ოფიცერი.
ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეხმაურა ჯო ბაიდენის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანიც, მისი თქმით, ვენაში მიმდინარე პროცესი კონსტრუქციულია. სალივანის თქმით, აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციების წინმსწრებად არ გააუქმებს და ირანისგან შესაბამის ნაბიჯებს დაელოდება.
მოსალოდნელია, რომ მომავალ კვირებში ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩავლენ ისრაელის პრემიერის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, მეირ ბენ შაბატი, ისრაელის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელი, ავივ კოჩავი, ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, ტამირ ჰაიმანი და მოსადის დირექტორი იოსი კოენი. მათი ვიზიტის მთავარი თემა ირანის ბირთვული შეთანხმება იქნება, რომელზე სასაუბროდაც ისინი თავიანთ ამერიკელ კოლეგებს შეხვდებიან.