ისრაელის პოლიციამ ჰამასის 50 წევრი დააპატიმრა
ისრაელის სპეცსამსახურმა შინ ბეთმა, პოლიციასთან და თავდაცვის ჯარებთან ერთად მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა და ჰამასის 50-მდე წევრი დააპატიმრა. შინ ბეთის განცხადებით, ჰამასის ტერორისტული ქსელი ისრაელის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდა.
ქსელს ჰამასისის უცხოეთში მყოფი ლიდერები ხელმძღვანელობდნენ. მათი მიზანი თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ისრაელის ტერიტორიაზე თავის აფეთქება იყო. მათ იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესაძენად თანხების მოძიება დაწყებული ჰქონდათ.
სპეცოპერაციისას სამართალდამცავებმა 4 შაჰიდის ქამრისთვის საკმარისი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს.
ამ ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ჰიჯაზი ყავასმია, რომელიც ჰებრონში ჰამასის ხელმძღვანელად ითვლება. ის ჰამასთან არსებული კავშირების გამო წარსულშიც რამდენიმეჯერ დააკავეს.
ქსელს ჰამასის პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე სალეჰ ალ-არური თურქეთიდან აფინანსებდა. არური ორგანიზაციის სამხედრო ფრთის, იზედინ ალ-ყასამის ბრიგადების დამფუძნებელი და რამდენიმე ტერაქტის ორგანიზატორია.
ყავასმი ჰამასის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ შეხვდა და მათ მითითებები მისცა. ალ-არურიმ მას მილიონი დოლარი შესთავაზა, თუ ისრაელის მოქალაქეებს გაიტაცებდა.
წარმატებული სპეცოპერაციისთვის ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა ავივ ჰოჰავიმ კომანდოსებს და მათ მეთაურებს მადლობა გადაუხადა. "თქვენი მისია კარგად შეასრულეთ, გაწყვიტეთ ფართო ტერორისტული ქსელი და თქვენი დამსახურებით ისრაელის მოსახლეობას მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება აქვს," - აღნიშნა მან.