ისრაელმა რეგულაციები მიიღო, რომლითაც ალ ჯაზირას მაუწყებლობას გათიშავს
ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა რეგულაციები, რომლითაც შესაძლებელი ხდება საგანგებო მდგომარეობის დროს დროებით გათიშოს უცხოური საინფორმაციო არხები. ამ ტიპის გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში მიიღება, თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ კონკრეტული მედია ეროვნულ უსაფრთხოებას აზიანებს.
ამ რეგულაციის ინიცატორი ისრაელის კომუნიკაციების მინისტრი შლომო კარჰია. მისი თქმთ ალ ჯაზირა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანს აყენებს.
რეგულაციები რეტროაქტიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ომის დაწყების შემდეგ კატარული მედიასაშუალების მიერ გაშუქებული მოვლენები შეიძლება მისი ოფისების დახურვის საფუძველი გახდეს.
"ისრაელი ომშია ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაზე და სახალხო დიპლომატიის ფრონტზე. ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ მაუწყებლობას, რომელიც ზიანს აყენებს სახელმწიფოს უსაფრთხოებას... ალ-ჯაზირას მაუწყებლობა და რეპორტაჟები არის წაქეზება ისრაელის წინააღმდეგ, ეხმარება ჰამასს - ისლამისტურ ორგანიზაციას და ტერორისტულ ორგანიზაციებს მათ პროპაგანდაში და ახალისებს ძალადობას ისრაელის წინააღმდეგ," - აღნიშნა კარჰიმ.
ახალი რეგულაციების თანახმად, კომუნიკაციების მინისტრს, თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით, შეუძლია ტელეპროვაიდერებს დაავალოს კონკრეტული ტელევიზიის მაუწყებლობის შეწყვეტა; დახუროს მისი ოფისები ისრაელში, ჩამოართვას ტექნიკა და დახუროს მისი ვებ-გვერდი ან შეზღუდოს წვდომა მის ვებ-გვერდზე, მისი სერვერის ადგილმდებარეობის მიხედვით.
გადაწყვეტილება უშიშროების კაბინეტმა უნდა დაამტკიცოს და უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოების სამსახურის სამართლებრივ დასკვნას, რომ კონკრეტული მედიასაშუალება ნამდვილად აზიანებს ეროვნულ უსაფრთხოებას და ექვემდებარება საოლქო სასამართლოს განხილვას.
ასეთი გადაწყვეტილება ძალაში იქნება 30 დღის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება დამატებითი 30 დღიანი ვადით გაგრძელდეს. საგანგებო რეგულაციები ძალაში იქნება სამი თვის განმავლობაში, ან სანამ კონკრეტული საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად არ დასრულდება.