ისრაელში დაიღუპა ბრიტანელი სამხედრო, რომელიც ცახალში იბრძოდა
ისრაელზე ჰამასის მასიური თავდასხმის შედეგად 20 წლის ნათანიელ იანგი დაიღუპა, რომელიც ლონდონში დაიბადა, მაგრამ ისრაელის თავდაცვის ძალებში მსახურობდა.
ამის შესახებ მისმა ოჯახმა Sky News-ს განუცხადა.
ისრაელის არმიის ცნობით, იანგი ღაზას სექტორიდან ჰამასის ტერორისტული შეტევის დროს დაღუპულთა შორის იყო.
ბრიტანელი ლონდონში გაიზარდა და ადგილობრივ ებრაულ სკოლაში სწავლობდა. ისრაელში გადასვლის შემდეგ, იანგი ისრაელის თავდაცვის ძალებს შეუერთდა.
კიდევ ერთი ბრიტანელი, 26 წლის ჯეიკ მარლოუ შაბათის დილიდან ღაზასთან ახლოს გაუჩინარდა. ის მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის ისრაელის ხელისუფლებასთან მუდმივ კონტაქტზეა და დახმარებას უწევს ბრიტანელ ოჯახებს ისრაელისა და ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიებზე.
შაბათს დილით ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ღაზას სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო, ისრაელის ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი რაკეტა გაისროლა, ასევე რამდენიმე ადგილას საზღვარი გაარღვია და ასობით ადამიანი მოკლა ან გაიტაცა.