იტალია შეზღუდვებს ამსუბუქებს

იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 26 აპრილისთვის კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქოს.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე მოხდება. გაიხსნება სკოლები და რესტორნების და ბარების გარე სივრცეები.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ განაცხადა: “შეზღუდვების შემსუბუქებისას პრიორიტეტული იქნება აქტივობები, რომლებიც ღია სივრცეშიც შეიძლება გაიმართოს. გარეთ ვირუსი ბევრად რთულად ვრცელდება.”

იტალიის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარებას და ინფიცირებულთა რაოდენობის მატების დასტაბილურებას მოჰყვა. დრაგის განცხადებით წინა კვირაში ახალი შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 15,000 იყო.

მთავრობა “რისკზე მიდის,” დასძინა დრაგიმ. “თუ წესებს პატივს ვცემთ, რისკი მინიმალური იქნება.”

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება რესტორნებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მასშტაბურ პროტესტს მოჰყვა. ჯანდაცვის სამინისტრომ შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების გეგმაც გამოაქვეყნა. 15 მაისიდან იტალიაში გაიხსნება საცურაო აუზები, ხოლო 1 ივნისიდან სავარჯიშო დარბაზები.

მთავრობას არ დაუკონკრეტებია როდის გაიხსნება ქვეყანა სრულად.



მსგავსი სიახლეები