ბაიდენი: რუსული აგრესიის პრევენციისთვის ინიციატივების პაკეტზე ვმუშაობთ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად ინიციატივების ახალ პაკეტზე მუშაობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა კემპ დეივიდის რეზიდენციაში გამგზავრებამდე განაცხადა.
მისი თქმით, გეგმა ყოვლისმომცველ და მნიშვნელოვან ინიციატივებს აერთიანებს, რომლის შედეგადაც რუსეთისთვის რთული გახდება უკრაინასთან მიმართებაში კიდევ უფრო წინ წაწევა. თუმცა, ბაიდენს გეგმის დეტალებზე ვრცლად აღარ უსაუბრია.
"მუდმივი კონტაქტი მაქვს ევროპელ პარტნიორებთან და უკრაინელებთან. სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ჩართული არიან პროცესში და მჯერა, რომ ძალიან ღრმა და აზრიანი ინიციატივების პაკეტი ბატონი პუტინისთვის გაართულებს გააკეთოს ის, რაც ადამიანებს ასე აშფოთებთ", - უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო კვირას ორი ქვეყნის ლიდერის ვიდეოსამიტი იგეგმება, რომლის საბოლოო დეტალების შესაჯერებლად პროტოკოლის სამსახურები მუშაობენ. ბაიდენის თქმით, მას პუტინთან ხანგრძლივი დისკუსია ექნება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გუშინ რადაში სიტყვით გამოსვლისას დაზვერვის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან 94 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული და შესაძლოა, ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა იანვრის ბოლოს დაიწყოს.