ჯო ბაიდენის ძაღლმა, თეთრი სახლის კიდევ ერთ თანამშრომელს უკბინა

ინციდენტი თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე, 29 მარტს მოხდა. СNN-ის ინფორმაციით ბაიდენის ძაღლმა ნაციონალური პარკის თანამშრომელს უკბინა, რომელსაც სამედიცინო დახმარება თეთრი სახლის სამედიცინო სამსახურმა აღმოუჩინა. 

აშშ-ს პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის პრესსპიკერმა СNN-თან საუბარში თქვა, რომ "მეიჯორი ჯერ კიდევ ეჩვევა ახალ გარემოს და ახალ ხალხს." ცნობილია, რომ თეთრი სახლის თანამშრომელს არ მიუღია სერიოზული დაზიანება და სამსახურს დაუყოვნებლივ დაუბრუნდა. 

მეიჯორი 3 წლის გერმანული ნაგაზი, რომელიც ბაიდენებმა 2018 წელს თავშასაფრიდან აიყვანეს. მას შემდეგ, რაც მარტის დასაწყისში მეიჯორმა თეთრი სახლის დაცვის თანამშრომელს უკბინა იგი დაუყოვნებლივ ჯო ბაიდენის მშობლიურ სახლში დელავერის შტატში გაგზავნეს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძაღლთან კინოლოგები მუშაობდნენ. 

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, რომ დაცვის თანამშრომელს სერიოზული დაზიანება არ მიუღია და ძაღლის ქცევა ახალი გარემოთი და ბევრი უცნობი ადამიანის გარემოთი ახსნა. ჯო ბაიდენის კიდევ ერთი გერმანული ნაგაზი ყავს სახელად ჩემპი. 

ინციდენტებს თავის პირველ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა პრეზიდენტი ბაიდენიც - "იქ აღმოჩნდა ორი ადამიანი, რომელიც ძაღლმა პირველად დაინახა და ჩვენი დაცვა გადაწყვიტა. მეიჯორი ძალიან კეთილი ძაღლია, თეთრი სახლის თანამშრომლების უმეტესობას ის უყვარს, ის გამუდმებით ეთამაშება თანაშრომლებს, მაგრამ მე მესმის, რომ ზოგ ადამიანს საფუძვლიანად ეშინიათ მისი."

 

მსგავსი სიახლეები