კატარი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციას გამორიცხავს
კატარი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციას გამორიცხავს, განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოცემა Axios-თან საუბარში.
მანამდე, სანამ პალესტინაში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა არსებობდა, ისრაელთან კონტაქტს ვინარჩუნებდით, მაგრამ 2008-2009 წლის ღაზის ომის შემდეგ „იმედი გადაგვეწურა“, - აცხადებს მუჰამად აბდურაჰმან ას-სანი.
კატარისგან განსხვავებით, რეგიონის სხვა არაბული სახელმწიფოები ისრაელთან კავშირის გაღრმავებას აპირებენ.
2020 წლის აგვისტოში, აბრაამის შეთანხმების ხელმოწერას ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის, ურთიერთობების დამყარება მოჰყვა. საამიროებს კუნძულოვანმა ბაჰრეინმაც მიბაძა.
„მანამ, სანამ ისრაელი პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას არ თანხმდება, აბრაამის შეთანხმებასთან მიერთებას ვერ განვიხილავთ“, - ამბობს მინისტრი.
ბუნებრივი აირით მდიდარი კატარი ჰამასის, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ შემწედ მიიჩნევა.
დოჰა ყურის სხვა არაბული ქვეყნებისგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს სირიასთან მიმართებაშიც.
სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ კატარი ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციურ ძალებს აფინანსებდა. დღეს, როცა საამიროები და სხვა არაბული მონარქიები ასადის რეჟიმის დიპლომატიურ რეაბილიტაციას ცდილობენ, დოჰა სირიასთან კავშირების აღდგენას არ აპირებს.
ცოტა ხნის წინ კატარი აშშ-მა ჩვიდმეტ ნატოს არაწევრ მოკავშირეს შორის დაასახელა, რაც ყურის ქვეყნისთვის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა პრივილეგიის დაწესებას გულისხმობს.