ხეერტ ვილდერსის "თავისუფლების პარტიის" სენატორი თაღლითობაში ამხილეს
ნიდერლანდების 22 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ წევრი, გომ ვან სტრიენი, რომელსაც სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა, თაღლითობაში ამხილეს.
გამოცემა NRC-ის ინფორმაციით, წილების გაყოფასთან დაკავშირებული თაღლითობის საქმე ეხება უტრეხტის ჰოლდინგს, რომლის დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა გომ ვან სტრიენი 2009 წლამდე.
კონტექსტი
22 ნოემბერს ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმების უმრავლესობა ხეერტ ვილდერსის ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა.
ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანო სენატის (75 წევრი) და წარმომადგენელთა პალატისგან (150 წევრი) შედგება.
მთავრობის ფორმირებისთვის 150 წევრიან წარმომადგენელთა პალატაში 76 მანდატის მოპოვებაა საჭირო.
მრავალპარტიული სისტემის მქონე ნიდერლანდებს საუკუნეზე მეტია კოალიციური მთავრობები მართავენ, რომელსაც როგორც წესი, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიები აყალიბებენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამი შემთხვევა დაფიქსირდა - 1971, 1977 და 1982 წლებში, როდესაც სამთავრობო კოალიცია ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიის გარეშე ჩამოყალიბდა.
„თავისუფლების პარტიამ“ 22 ნოემბერს გამართულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 23.6% (37 მანდატი) მოიპოვა. ხეერტ ვილდერსის გადაწყვეტილებით, „თავისუფლების პარტიის“ სენატორ გომ ვან სტრიენს საპარლამენტო მანდატების მქონე პოლიტიკურ პარტიებთან, სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების მიზნით, მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა, თუმცა, თაღლითურ სქემაში მხილების შემდეგ, პროცესს ჩამოშორდა.
ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის სპიკერი, ვერა ბერგკამპი იმედოვნებს, რომ „თავისუფლების პარტია“ სწრაფად იპოვის გომ ვან სტრიენის შემცვლელს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას დაუყონებლივ დაიწყებს.