ხეერტ ვილდერსს პოლიტიკური პარტიები კოალიციის ფორმირებაზე უარს ეუბნებიან

ნიდერლანდების „ლეიბორისტული პარტიის - PvdA“ წევრი, რონალდ პლასტერკი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ხეერტ ვილდერსმა სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად აირჩია, აცხადებს, რომ კონსულტაციების გასამართად მეტი დრო სჭირდება.

თავდაპირველად, ხეერტ ვილდერსის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკებები „თავისუფლების პარტიის“ წევრ, გომ ვან სტრიენს უნდა ეწარმოებინა, თუმცა, ეს უკანასკნელი მოულოდნელად თაღლითობაში ამხილეს.

გამოცემა NRC-ის ინფორმაციით, წილების გაყოფასთან დაკავშირებული თაღლითობის საქმე ეხება უტრეხტის ჰოლდინგს, რომლის დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა გომ ვან სტრიენი 2009 წლამდე.

ხეერტ ვილდერსმა სამთავრობო კოალიციაში გასაწევრიანებლად „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის - VVD“, „ახალი სოციალური კონტრაქტი -NSC“ და „ფერმერ მოქალაქეთა მოძრაობა - BBB“ მიიწვია. „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის - VVD“ განცხადებით, ის ვილდერსის კოალიციას არ შეუერთდება, თუმცა მზად არის ამ უკანასკნელს საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერა შესთავაზოს. „ახალი სოციალური კონტრაქტის -NSC“ ლიდერის, პიტერ ომციხტის თქმით, ვილდერსთან შესაძლო კოალიციის განსახილველად ჯერ მზად არ არის.

ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატა 150 წევრისგან შედგება. მთავრობის ფორმირებისთვის 76 მანდატის ფლობაა საჭირო. „თავისუფლების პარტიას - VVD“, „სახალხო პარტიას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის - VVD“, „ახალ სოციალურ კონტრაქტს -NSC“ და „ფერმერ მოქალაქეთა მოძრაობას - BBB“ ჯამში 88 მანდატი აქვთ.

კონტექსტი

22 ნოემბერს ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმების უმრავლესობა, 23.6% ხეერტ ვილდერსის ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა.

იმისთვის, რომ მან მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი 76 მანდატი უზრუნველყოს, სხვა პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებთან შესაძლო კოალიციაზე მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს და თანამშრომლობის საჭიროებაში დაარწმუნოს.

 მრავალპარტიული სისტემის მქონე ნიდერლანდებს საუკუნეზე მეტია კოალიციური მთავრობები მართავენ, რომელსაც როგორც წესი, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიები აყალიბებენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამი შემთხვევა დაფიქსირდა - 1971, 1977 და 1982 წლებში, როდესაც სამთავრობო კოალიცია ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიის („ლეიბორისტული პარტიის“) გარეშე ჩამოყალიბდა.

მსგავსი სიახლეები