ხორვატია უკრაინას მარცვლეულის თავისი პორტებიდან ექსპორტში დაეხმარება

უკრაინა და ხორვატია შეთანხმდნენ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე, რაც შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გამოსვლის შემდეგ გართულდა.

ამ შეთანხმებას ქვეყნებმა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის გორდან გრლიჩ-რადმანის უკრაინაში ვიზიტის დროს მიაღწიეს. 

"ჩვენ შევთანხმდით ხორვატიის პორტების გამოყენების შესაძლებლობაზე დუნაის და ადრიატიკის ზღვაში უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის. ახლა ჩვენ ვიმუშავებთ ამ პორტებისკენ ყველაზე ეფექტური მარშრუტების მოწყობაზე, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა," - განაცხადა დმიტრო კულებამ.

"ყველანაირი წვლილი ექსპორტის განბლოკვაში, ყოველი ღია კარი არის რეალური, ეფექტური წვლილი მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებაში. მადლობა ხორვატიას კონსტრუქციული დახმარებისთვის," - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინელმა მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ხორვატიის მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს უკრაინის ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერისთვის. ის ასევე მიესალმა ხორვატიის პარლამენტის მიერ 1932-1933 წლების ჰოლდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებას.

მსგავსი სიახლეები