ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა"

ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა 30 იანვარს განაცხადა, რომ ყირიმი "აღარასოდეს იქნება უკრაინა" და რომ რუსეთი ვერ დამარცხდება, რადგან მას ბირთვული იარაღი აქვს. ამის შესახებ მან ლიეტუვაში ნატოს აქტივობების ფარგლებში ხორვატი ჯარისკაცების გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.

მან კოსოვო ყირიმს შეადარა და თქვა, რომ კოსოვო "სერბეთს წაართვეს."

"ჩვენ მოვახდინეთ კოსოვოს ანექსია. ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობამ წავართვით ის სერბეთს. ვინ გააკეთა ეს თუ არა ჩვენ? ვაღიარეთ თუ არა კოსოვო? ეს არ არის ანექსია, არამედ უზურპაცია. რა ჰქვია ამას? ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ეს არის ის, რასაც წამყვანი გერმანელი გენერლები ამბობენ", - თქვა მან.

მას ასევე მიაჩნია, რომ "რუსეთი საშიში ქვეყანაა" და ეს არავის ესმის.

როდესაც ჟურნალისტებმა მას რუსეთის შეჭრის წინ მისი მცდარი შეფასება შეახსენეს, რომ რუსეთი არასოდეს დაესხმებოდა თავს უკრაინას, რადგან მას არ ჰყავდა საკმარისი ჯარი - მილანოვიჩმა გაიმეორა, რომ ის მართალი იყო.

"არ არის საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცი. ეს იყო რუსეთის შეცდომა. მათ ეგონათ, რომ [უკრაინაში] მთავრობა ჩამოიშლებოდა. ჩვენ უფრო და უფრო ვეფლობით კონფლიქტში ზესახელმწიფოებთან. თქვენ იცით, რა მოხდება, როდესაც ისინი ომში წაგებას დაიწყებენ. ისინი ატომურ იარაღს გამოიყენებენ." - თქვა მილანოვიჩმა და დასძინა, რომ "გიჟურ ემოციებს ევროპა რაღაცისკენ მიჰყავს, რასაც ვერ უმკლავდება."

გარდა ამისა, მისი აზრით, 2014 წლიდან 2022 წლამდე შეიძლებოდა დაკვირვება "როგორ პროვოცირებს ვიღაც რუსეთს ამ ომის დაწყების მიზნით."

მილანოვიჩმა ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დასავლური ტანკების მიწოდება გააკრიტიკა, რადგან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, მისი აზრით, "ომს ახანგრძლივებს."

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეჭვქვეშ დააყენა, შეძლებდა თუ არა მილანოვიჩი ასეთი პრორუსული რიტორიკით პრეზიდენტი 1990-იან წლებში გამხდარიყო, როდესაც ხორვატია დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ ფეისბუქზე დაწერა.

მისი თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებებს, რომელმაც ფაქტიურად ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

მსგავსი სიახლეები