ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუჩიჩს რუსეთის "სატელიტი" უწოდა
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გორდან გრლიჩ რადმანმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა უნდა გადაწყვიტოს ვის მხარეს არის - რუსეთის, თუ ევროპის კავშირის, რადგან „ერთდროულად ორ სკამზე ჯდომა შეუძლებელი და არასასიამოვნოა. მას არ უნდა ჰქონდეს დიდი დილემა.“ გარდა ამისა, გრლიჩ რადმანმა ვუჩიჩს რუსეთის „სატელიტი“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ „დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში რუსეთის გავლენა დაუშვებელია“.
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ სერბეთის ოფიციალური პირების აღშფოთება გამოიწვია.
„ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი არამხოლოდ სასტიკად ერევა სერბეთის საშინაო საქმეებში, არამედ იტყუება, შეურაცხყოფს და ემუქრება სერბ ხალხს. გორდან გრლიჩ რადმანი ერთ რამეში მართალია, შეიძლება მე ვიღაცის თანამგზავრი ვარ... მაგრამ მე არასოდეს ვყოფილვარ ვინმეს მსახური, რასაც გრლიჩ რადმანზე ვერ ვიტყვი“, - ალექსანდრ ვუჩიჩი.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების, ასევე, 2012 წლიდან ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის ფლობის მიუხედავად, ალექსანდრ ვუჩიჩი ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ სერბეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს არ შეუერთდა. გარდა ამისა, ბელგრადი RT-ის და Sputnik-ს სერბეთში ოპერირებისა და რუსული დეზინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას აძლევს.
ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ვერავინ იქნება ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი და ვერ გამოიყენებს ევროპული გაერთიანების სარგებელს, თუ პარალელურად თვალს ხუჭავს რუსულ აგრესიაზე და მოსკოვის მიმართ ბრიუსელის პოლიტიკას აკრიტიკებს.
ევროპის კავშირის ოფიციალური პირები სერბეთში რუსეთის მზარდი გავლენის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ალექსანდრ ვუჩიჩს ევროპული გაერთიანების ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდებენ.