კიევში აშშ-ის ახალი ელჩი ჩავიდა
ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი კიევში 29 მაისს ჩავიდა. ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდზე, მის ოფიციალურ ბიოგრაფიაშია ნათქვამი.
The Guardian-ის ცნობით, კვირის ბოლოს დიპლომატი რწმუნებათა სიგელებს გადასცემს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
ბრინკის უკრაინაში ჩასვლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტს არ გაუვრცელებია. მოგვიანებით ელჩმა ტვიტერზე თავად აცნობა ეს საზოგადოებას და კიევში გადაღებული ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა.
28 მაისს უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვამ განაცხადა, რომ ბრინკმა უკრაინის ვიზა მიიღო.
2018 წლის დეკემბერში Foreign Policy-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარი იყო, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე განიხილებოდა, თუმცა ის ქართულმა მხარემ დაბლოკა. მიზეზად ბრინკსის პოზიტიური განწყობა დასახელდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი ამ პროცესში არ ერევა.
ბრინკი საქართველოში 2011-2014 წლებში მუშაობდა.