კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

31 ივლისის ღამეს, კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავებულია კიდევ 159 ადამიანი, მათგან 16 ბავშვია.
State Of Play: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპიკერმა ოლექსანდრ ხორუნჟივმა განაცხადა, რომ "ღამის განმავლობაში და დილით მაშველებმა სვიატოშინსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 10 ცხედარი ამოასვენეს, მათ შორის 2 წლის ბავშვი."
- დილის 8 საათზე, ხორუნჟივმა თქვა, რომ სახლის ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს.
- "უკვე 27 ადამიანია დაღუპული. ახლახან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მაშველებმა სვიატოშინსკის რაიონში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს," – აღნიშნა მან.
- ის ვარაუდობს, რომ რუსული თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
- ამ დროისთვის მაშველებმა შენობის დანგრეული კონსტრუქციების 70% გაწმინდეს.
Big Picture: 31 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევი დრონებითა და რაკეტებით დაბომბეს.
- რუსული რაკეტებისა და დრონების თავდასხმის შედეგები კიევის 4 რაიონის 27 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
- თავდასხმის შედეგად დაიღუპა ექვსი წლის მატვეი მარჩენკო. ის დედაქალაქის კარატეს კლუბის აღზრდილი იყო.
- ასევე ცნობილია, რომ კიევის სვიატოშინსკის რაიონში რუსული სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლილია სტეპანჩუკი.
- გარდა ამისა, სვიატოშინსკის რაიონზე დრონების თავდასხმის გამო, hromadske-ს ჟურნალისტი ნატალია მაზინა და მისი მეუღლე დიმიტრი მაზინი დაშავდნენ. მათი ბინა დაზიანებულია.