კირბი: აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მალე გამოაცხადებს
ამერიკის შეერთებული შტატები მალე გამოაცხადებს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბიმ არ დააკონკრეტა, თუ რა იარაღი შევა ახალ პაკეტში, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა "უანალოგოა მსოფლიოში, იმ თვალსაზრისით, თუ რა შესაძლებლობებისა და თანხების მიწოდებას დათანხმდა აშშ."
შეგახსენებთ, რომ ბოლო, 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი კიევს შეერთებულმა შტატებმა 3 მარტს გადასცა.
აშშ-ის ხელისუფლება უკრაინას რეგულარულად აწვდის სამხედრო დახმარების დიდ პაკეტებს. მათ შორისაა საბრძოლო მასალა და თანამედროვე შეიარაღება. შეერთებული შტატები უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნებსაც ატარებს.
რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან, ამერიკამ უკრაინას დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის დახმარება გადასცა.