კირბი: ორდღიანი ზავისას 20 ისრაელელი ქალი და ბავშვი გათავისუფლდება
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ კიდევ 20 ისრაელელი ქალი და ბავშვი გათავისუფლდება ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ზავის ორდღიანი გაგრძელებით.
შეთანხმება ისე იყო სტრუქტურირებული, რომ თუ ისრაელი დათანხმდებოდა ზავის გაგრძელებას, ჰამასი ყოველ დამატებით დღეზე 10 მძევალს გაათავისუფლებდა.
კირბის თქმით, გუშინ ტყვეების გათავისუფლება შეფერხდა, რადგან ჰამასი თავდაპირველად ცდილობდა რამდენიმე ბავშვი დედის გარეშე გაეთავისუფლებინა, რომლებიც ასევე ღაზაში იმყოფებოდნენ.
სპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ იმედოვნებს, რომ პაუზა კიდევ უფრო გაგრძელდება, მაგრამ იმეორებს, რომ ეს დამოკიდებული იქნება ჰამასის მიერ დამატებითი მძევლების გათავისუფლებაზე.
კირბიმ განაცხადა, რომ ზედიზედ მესამე დღეა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების 200 მანქანა შედის, რაც ზავის ძირითადი პუნქტის შესრულებაა.
27 ნოემბერს ისრაელი და ჰამასი ზავის 2 დღით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ჰამასი დღეში 10 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, ისრაელი კი - 30 პალესტინელ პატიმარს.