კლინტონი ნანობს, რომ უკრაინა დაარწმუნა ბირთვულ იარაღზე უარი ეთქვა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა სინანული გამოხატა 1990-იან წლებში უკრაინის ბირთვულ განიარაღებაში მისი როლის გამო.
ამის შესახებ კლინტონმა ირლანდიურ მაუწყებელ RTÉ-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ექს-პრეზიდენტი ჩრდილოეთ ირლანდიაში სამშვიდობო პროცესზე საუბრისას უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის თემას შეეხო.
"მე პირადად ვგრძნობ ჩართულობას, რადგან ვაიძულებდი მათ (უკრაინას - რედ.) დათანხმებულიყვნენ ბირთვული იარაღის დათმობაზე. და არცერთ მათგანს (უკრაინელს - რედ.) არ სჯერა, რომ რუსეთი გააკეთებდა ამას (შეჭრას - რედ.), თუ უკრაინას ჯერ კიდევ ექნებოდა ბირთვული იარაღი", - თქვა მან.
კლინტონის თქმით, იცოდა, რომ ვლადიმერ პუტინი, განსხვავებით მისი წინამორბედი ბორის ელცინისაგან, არ დაუჭერდა მხარს ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს კიევის "უსაფრთხოების გარანტიებს" ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ.
"მათ (უკრაინელებს - რედ.) ეშინოდათ მისი (ბირთვული იარაღის - რედ.) დათმობის, რადგან ეგონათ, რომ ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მათ ექსპანსიონისტური რუსეთისგან იცავდა. პუტინმა, როცა შესაძლებლობა დაინახა, შეთანხმება დაარღვია და ყირიმი აიღო. და ამის გამო თავს საშინლად ვგრძნობ, რადგან უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა", - აღნიშნა მან.
1994 წლის იანვარში კლინტონმა ხელი მოაწერა სამმხრივ შეთანხმებას რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან ბორის ელცინთან და უკრაინის ლიდერ ლეონიდ კრავჩუკთან, სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე დარჩენილი სტრატეგიული ბირთვული იარაღის არსენალის ლიკვიდაციის შესახებ.