კონგრესი ბაიდენს გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინის დახმარებას სთხოვს

27 აპრილს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტისგან რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების - მათ შორის მრალალმილიონდოლარიანი იახტების - გაყიდვას და შემოსული სახსრების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას მოითხოვს.

კანონპროექტი, რომელიც უმეტესად სიმბოლურ ხასიათს ატარებს, პალატამ 417 ხმით მიიღო 8-ის წინააღმდეგ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლურმა ქვეყნებმა რუსი ოლიგარქების საკუთრებაში მყოფი ათეულობით იახტა დააკავეს, რომელთა ღირებულება ორნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს.

„მხარს ვუჭერთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც [გაყინული აქტივებიდან] ნაწილი თანხის პირდაპირ უკრაინის დახმარებას ითვალისწინებს“, - განაცხადა ამერიკის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა.

„როგორ წარმოგვიდგენია, რომ მთელი სიმდიდრე - იახტები, საბანკო ანგარიშები, ვილები, თვითმფრინავები - პუტინს და მის დამქაშებს უკან დავუბრუნოთ, როცა უკრაინელები თავიანთ მკვდრებს მარხავენ“, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის დეპუტატმა ტომ მალინოვსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები