კრემლი ზელენსკის შეთავაზებაზე: თუ დრო გამოუჩნდა პუტინი აუცილებლად გაეცნობა
ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებულ ვიდეო-მიმართვას გამოეხმაურა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგას დონბასში, ფრონტის ხაზზე შეხვედრა შესთავაზა.
"ამ მიმართვის შინაარსი პრეზიდენტს ოპერატიულად მოახსენეს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ საკმარისი დრო ჰქონდა ტექსტის გასაცნობად. დღეს იყო პრეზიდენტის მიმართვა ფედერალური კრებისადმი და ასეთი მოვლენების წინა დღეებში პრეზიდენტი როგორც წესი გამოსვლის ტექსტზე მუშაობს, გამონაკლისი არ ყოფილა წლევანდელი მიმართვაც",- ამბობს პესკოვი.
დიმიტრი პესკოვის თქმით, დღეს ვლადიმერ პუტინს სხვა გეგმები აქვს, თუმცა თუ პრეზიდენტს შესაბამისი დრო გამოუჩნდება იგი აუცილებლად გაეცნობა ზელენსკის მიმართვის ტექსტს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს შეხვედრა გუშინ 20 აპრილს შესთავაზა. ამის შესახებ ზელენსკიმ ფეისბუკ ჩართვის დროს განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, წინანადება 19 აპრილს ნორმანდიულ ფორმატში მისი მრჩევლების შეხვედრის დროს წარმოიშვა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის მზად არის შეხვდეს ვლადიმირ პუტინს დონბასში, ე.წ. შეხების წერტილთან.
"მე მზად ვარ უფრო შორსაც წავიდე და შემოგთავაზოთ შეხვედრა უკრაინული დონბასის ნებისმიერ წერტილში, სადაც ომი მიმდინარეობს",- თქვა ზელენსკიმ.