კულება: პუტინი მხოლოდ იქ ჩერდება, სადაც მას აჩერებენ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავად შექმნა კრიზისი დასავლეთთან ურთიერთობაში, რათა მოგვარების სანაცვლოდ მათგან დათმობები მოითხოვოს. ამის შესახებ მან Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა.
"პუტინი შიშებზე თამაშის ოსტატია. წლების განმავლობაში მისი ქცევის მკაფიო მოდელი ჩამოყალიბდა: ჯერ ის პრობლემებს და კრიზისებს ქმნის, შემდეგ სხვებს იწვევს, რომ განიხილონ და მოაგვარონ ეს პრობლემები და კრიზისები მასთან ერთად. ჩვენ ბევრჯერ ვუყურეთ ამ ფილმს... პრეზიდენტი პუტინი მხოლოდ იქ ჩერდება, სადაც მას აჩერებენ, პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის," - განაცხადა კულებამ.
მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების ძალა მათ ერთიანობაშია. კულებას თქმით, მათ ერთად უნდა იმუშაონ სამსაფეხურიანი შეკავების პაკეტის განხორციელებაზე, რათა რუსეთმა შემდგომი აგრესიის შემთხვევაში ისეთი ფასი გადაიხადოს, რომ ძალის გამოყენების ნაცვლად დიპლომატიურ მეთოდებზე იფიქროს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია მხოლოდ მათი და ნატოს 30 წევრის გადასაწყვეტია.