კურსკში ЗСУ-ს შეჭრის შემდეგ რუსეთში ახალი მობილიზაციის შანსი გაიზარდა - Bloomberg
უკრაინული არმიის მიერ კურსკის ოლქში რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მასშტაბურმა გარღვევამ, რომელსაც საწყის დღეებში თითქმის არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია კიდევ ერთხელ გამოავლინა რუსეთის არმიაში ცოცხალი ძალის უკმარისობის მზარდი პრობლემა. შექმნილი ვითარება რუსეთში ახალი მობილიზაციის გამოცხადების შანსებს ზრდის.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
კრემლში გამოცემის წყაროების ცნობით, მობილიზაციის ახალი ტალღა რუსეთში შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლომდე გამოცხადდეს.
თავდაცვის სამინისტროში გამოცემის წყარო ამბობს, რომ ასტრონომიულად გაზრდილი ანაზღაურებებისა და ბონუსების მიუხედავად, რეგიონების უმეტესობა ვერ ასრულებს დაწესებულ კვოტებს სამხედრო სამსახურში რეკრუტირების შესახებ - მისი თქმით, რეგიონები დაახლოებით 33%-ით ჩამოუვარდებიან სამიზნე მაჩვენებელს.
ასე მაგალითად, რუსეთის მოქალაქე, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან საკონტრაქტო სამსახურს ხელს მოსკოვში მოაწერს პირველ წელს ანაზღაურებებითა და ბონუსების სახით 5.2 მილიონ რუბლს მიიღებს, რაც დედაქალაქის საშუალო წლიურ ხელფასს სამჯერ აღემატება.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რეკრუტირების მიმდინარე ტემპები არ არის საკმარისი ფრონტის ხაზზე ეტაპობრივი წინსვლისთვის -"კიევსა და სხვა დიდ ქალაქებზე აღარც ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ ადამიანები არ გვყოფნის"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი ანონიმური წყარო.
რუსეთის რეკრუტირების სისტემას პრობლემები აქვს, იზრდება მობილიზაციის შანსი
ამავე წყაროების ცნობით, შექმნილ ვითარებაში სულ უფრო აქტიურად ფიქრობენ მობილიზაციის ახალ ტალღაზე, რომელიც შესაძლოა როტაციის აუცილებლობით ახსნან.
დასავლური შეფასებებით რუსეთის მიერ უკრაინაში განცდილი დანაკარგები 500 ათასს აღემატება. დაახლოებით ამდენივე ჯარისკაცი სჭირდება ვლადიმირ პუტინის უკრაინულ ფრონტზე წინსვლის გასაგრძელებლად და როტაციისთვის.