კვლევა: ბანდერას მიმართ უკრაინელების 74% დადებითად არის განწყობილი
უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის ლიდერის, სტეპან ბანდერას მიმართ უკრაინელების 74% დადებითად არის განწყობილი. ამის შესახებ სოციოლოგიური ჯგუფი Рейтинг-ის კვლევაში ვკითხულობთ.
"მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური დამოკიდებულება უკრაინული ნაციონალიზმის იდეოლოგის მიმართ დღეს დომინირებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებშიც, ასევე მათ შორის, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში რუსულ ენაზე ურთიერთობს", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 22% იყო ბანდერას მომხრე.
სოციოლოგების თქმით, ბოლო წლებში უკრაინელი ისტორიული პირების პოპულარობა იზრდება.
კერძოდ, გაუმჯობესდა მოქალაქეების დამოკიდებულება ჰეტმან ივან მაზეპას (2012 წელს მხარდაჭერა - 44%, 2022 წელს - 76%) და უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დირექტორიის თავმჯდომარის სიმონ პეტლიურას (2012 წელს მხარდაჭერა - 26%, 2022 წელს - 49%) მიმართ.
გამოკითხვა 27 აპრილს ჩატარდა. კვლევაში 18 წელზე უფროსი ასაკის უკრაინის მოქალაქეები მონაწილეობდნენ ქვეყნის მასშტაბით, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, ასევე ყირიმის გარდა.
სულ 1000 რესპონდენტი გამოიკითხა სატელეფონო ინტერვიუების გზით. ცდომილების ზღვარი 3.1%-ია.