კვლევა: ივლისის შემდეგ ბაიდენის მხარდაჭერა 9%-ით გაიზარდა
პრეზიდენტ ბაიდენის საქმიანობის მოწონების რეიტინგი აგვისტოს თვეში Quinnipiac-ის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად 40%-მდე გაიზარდა, რაც მხოლოდ ერთი თვის წინანდელთან შედარებით 9%-იანი ზრდაა.
ხუთშაბათს გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 40%-ს მოსწონს ბაიდენის საქმიანობა, 52%-ს კი - არა.
პარტიული დაყოფის მიხედვით, დემოკრატების 83% უჭერს მხარს ბაიდენს, რაც 11 პუნქტით მეტია გასული თვის გამოკითხვასთან შედარებით.
რესპუბლიკელ რესპონდენტთა 92%-მა თქვა, რომ არ მოსწონს ბაიდენის საქმიანობა, ხოლო უპარტიო, დამოუკიდებელი მოქალაქეების 55%-მა.
მიმდინარე საკითხებზე დასმულ შეკითხვებზე პასუხისას, 50% ეთანხმება ბაიდენის მიდგომას COVID-19 პანდემიის მიმართ, ხოლო გამოკითხულთა 44%-ს მოსწონს მისი მიდგომა კლიმატის ცვლილების მიმართ.
გამოკითხულთა მხოლოდ 27% ეთანხმება ბაიდენის პოლიტიკას მექსიკის საზღვარზე არსებული სიტუაციისადმი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ამ კითხვარში.
გამოკითხულთა 53% ეთანხმება ადმინისტრაციის გეგმას, გააუქმოს სტუდენტური სესხი ბევრი ამერიკელისთვის, ხოლო გამოკითხულთა 43%-ს ეს არ მოსწონს.
Quinnipiac-ის უნივერსიტეტის კვლევა 25-29 აგვისტოს ჩატარდა და სულ 1419 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი 2.6%-ია.