კვლევა: ფაშინიანის პარტია პირველ ადგილზეა
Armenian Election Study-მ სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
პარტიულ რეიტინგებში მოქმედი პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის “სამოქალაქო კონტრაქტი” ხმების 24%-ით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა პრორუსი ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსი “სომხეთი” - 12%.
მოსახლეობის 30%-ს არ მიუღია გადაწყვეტილება ვის მისცემს ხმას, 9%-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ გასცა.
პარტიული რეიტინგების გარდა საინტერესოა როგორია საზოგადოებაში ლიდერების აღქმა. ნიკოლ ფაშინიანს გამოკითხულთა 30% გულწრფელ ადამიანად მიიჩნევს, 2% - კორუმპირებულად, 17% - კომპეტენტურად და 51% კი არაკომპეტენტურად.
ყოფილი პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს 3% მიიჩნევს გულწრფელად, 36% - კორუმპირებულად, 25% - კომპეტენტურად და 36% - არაკომპეტენტურად.
შეკითხვაზე - “რომელ კანდიდატს შეუძლია გადაჭრას ახლანდელი კრიზისი?” 22% პასუხობს ფაშინიანს, 16% - ქოჩარიანს, ხოლო 27% თვლის, რომ არცერთ კანდიდატს ეს არ შეუძლია.
20 ივნისს სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.