კვლევა: რას ფიქრობენ ევროპელები რუსეთ-უკრაინის შესაძლო ომზე?

 

როგორ აღიქვამენ ევროპაში უკრაინაში რუსეთის სამხედრო ანექსიის განახლების შესაძლებლობას?

ბერლინში მდებარე კვლევითი ცენტრის, საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს (ECFR) კვლევის შედეგებით, ევროპელების დიდ ნაწილს სჯერა, რომ უკრაინაში რუსეთი კვლავ შეიჭრება.

„ბებერი კონტინენტის“ მკვიდრები ასევე მიიჩნევენ, რომ რუსული აგრესია პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის.

ასევე კვლევაში გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ ევროპამ, ნატოს და ევროკავშირის სახით, რუსეთის პროვოცირებული კრიზისის დასაძლევად უნდა იმოქმედოს.

ECFR-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის არეალი საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ფინეთს, პოლონეთს, რუმინეთს და შვედეთს მოიცავს.

სულ ფინეთიდან, რუმინეთიდან და შვედეთიდან 500-500, ხოლო საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და პოლონეთიდან 1000-1000 რესპონდენტი შეირჩა.

გამოკითხვა 21-28 იანვრის პერიოდში ჩატარდა და ცდომილების ზღვარი +-4 %-ს შეადგენს.

 

რამდენად მოსალოდნელია წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრა?

უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის განახლების შესაძლებლობის ყველაზე მეტად პოლონეთში სჯერათ (73 %). ამ მოსაზრებას იზიარებენ რუმინეთში (64 %), შვედეთში (55 %), გერმანიაში (52 %), საფრანგეთსა და იტალიაში (51-51 %). ფინელების უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ რუსული სამხედრო ესკალაციის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდა ნაკლებად სავარაუდოა.

 

უქმნის თუ არა უკრაინის მიმართ რუსეთის პოზიცია საფრთხეს ევროპას?

პუტინის „იარაღის ჟღარუნის“ პოლიტიკამ შესაძლოა ევროპაში მისთვის არასასურველი შედეგი გამოიღო. ევროპელების სულ უფრო დიდი ნაწილი რუსეთს - სხვადასხვა მასშტაბით - საფრთხეს აღიქვამს.

გამოკითხულების 62 %-ი მოსკოვზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას საზიანოდ მიიჩნევს. ჯამში 55 %-ს მიაჩნია, რომ რუსეთმა ევროპას სამხედრო საფრთხე შეიძლება შეუქმნას.

54 %-ი თვლის, რომ კრემლი შედარებით ახალი ტიპის, კიბერ-საფრთხესაც წარმოადგენს. 48%-ი ფიქრობს, რომ რუსეთი საფრთხის შემცველი მიგრაციის გამწვავების კუთხითაც შესაძლოა აღმოჩნდეს.

 

ვინ უნდა დაეხმაროს უკრაინას რუსული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ?

გამოკითხულების უმეტესობა მიიჩნევს, რომ უკრაინას თავის დაცვაში ყველაზე უკეთ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსი - ნატო - დაეხმარება. გამონაკლისი მხოლოდ პოლონეთია, სადაც უპირატეს ძალად ევროკავშირს ხედავენ.

როცა საქმე ქვეყნების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას შეეხება, ევროპულ ოჯახში აქაც პოლონეთია გამორჩეული. გამოკითხული პოლონელების 65 %-ი ფიქრობს, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მათი ქვეყანა უკრაინას უნდა დაეხმაროს.

დახმარების ეროვნულ პასუხისმგებლობას არ ან ნაკლებად იზიარებენ შვედეთში (43 %), საფრანგეთში (43 %), იტალიაში (41 %), რუმინეთში (40 %), გერმანიასა  (37 %) და ფინეთში (21 %).

 

კვლევის სრული ვერსია იხილეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები