ლატვია რუსეთის 6000 მოქალაქეს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეთა სამსახური რუსეთის 6000 მოქალაქეს ქვეყნის დატოვებას სთხოვს - წერილები შესაბამისი მოთხოვნით სექტემბერში გაიგზავნება.
საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც არც კი უცდია ევროკავშირის მუდმივი რეზიდენტის სტატუსის მისაღებად ტესტის ჩაბარება.
"დაახლოებით 5-6 ათასი, ჩემი პროგნოზით, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი სურვილი არ გამოუთქვამთ - არც გამოცდა ჩააბარონ, არც დროებითი ბინადრობის მოწმობა მიიღონ. ანუ ვინც ჩუმად არის. კანონს თუ გადახედავთ, მაშინ მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეთა სამსახურმა უბრალოდ უნდა გააგზავნოს მოთხოვნა ქვეყნის დატოვების შესახებ 3 თვის განმავლობაში." - აღნიშნა ლატვიის საეიმას მოქალაქეობის, მიგრაციისა და სოციალური ერთიანობის კომისიის ხელმძღვანელმა ინგმარს ლიდაკამ.
ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მსგავსი წერილები მზადდება. წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, დაახლოებით 6000 მიმღები იყოს.
"თუ ადამიანს არ აქვს ქვეყანაში დარჩენის უფლება, მაშინ უნდა წახვიდე იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანს აქვს დარჩენის უფლება. წასვლის დრო არის სამი თვე, ეს მოცემულია იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს აჩქარების გარეშე წასვლა. თუ ადამიანი განაგრძობს ლატვიაში არალეგალურად ყოფნას, მაშინ შეიძლება დადგეს დრო, როცა ამის შესახებ სახელმწიფო სტრუქტურები შეიტყობენ და, შესაბამისად, შეახსენებენ, რომ წავიდნენ. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული, მაგრამ გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ამიტომ შეიძლება პირი დაჯარიმდეს." - განაცხადა ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვილნის ვიტოლინშმა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ასეთ მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი სხვა ნებართვა ლატვიაში დარჩენისთვის, როგორიცაა ვიზა ან დროებითი ბინადრობის ნებართვა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, ლატვიამ გადაწყვიტა ქვეყანაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ლატვიური ენის სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოეთხოვა.
ამან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ქვეყანაში, სადაც სსრკ-ს დაშლის შემდეგ ათასობით რუსი ცხოვრობდა, რომლებსაც ლატვიის მოქალაქეობა არასოდეს მიუღიათ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვაში 1164 ბელორუსი და რუსი აღიარეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ.