ლე პენმა აშშ-ს მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერება დაგმო

ფრანგული ულტრა-მემარჯვენე პარტიის ეროვნული გაერთიანების ლიდერმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება უკრაინისთვის დახმარების შეჩერების შესახებ.
ამის შესახებ მარინ ლე პენმა Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების უცერემონიობა დაგმობას იმსახურებს. ეს უსამართლოა უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც პატრიოტულად იცავენ თავიანთ ქვეყანას"- ამბობს ლე პენი.
ამასთანავე ლე პენის თქმით, ვერავინ დაავალდებულებს ამერიკის შეერთებულ შტატებს გააგრძელოს უკრაინის დახმარება, თუმცა ვაშინგტონი ვალდებულია ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის კიევს გონივრული ვადა მისცეს.
კონტექსტი
მარინ ლე პენი წლების განმავლობაში პრო-რუს პოლიტიკოსად მიიჩნეოდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მისი პირადი და პარტიის პოზიციები ამ კუთხით საგრძნობლად გამკაცრდა.
ლე პენზე მეტად პრო-უკრაინული პოზიციებს აფიქსირებს ეროვნული გაერთიანების კიდევ ერთი ლიდერი ჟორდან ბარდელა.
ლე პენის პარტიამ გასულ ზაფხულს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე რეკორდული რაოდენობის მანდატები მიიღო და სავარაუდოა, რომ კარგი შედეგი ექნება მომავალ ვადამდელ არჩევნებზეც, რომელიც შესაძლოა წელს ჩატარდეს.
გარდა ამისა ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსებსაც ინარჩუნებს.