ლიურმანი: საქართველოს მთავრობა ქვეყანას დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს. ამის შესახებ მან ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.
"სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას. ეს ეხება ქართველს ხალხს, რომელსაც მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს უფლება, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი გზა. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია საქართველოს არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს". - თქვა ლიურმანმა.
ამავდროულად, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ არის, "თუმცა სურვილის შემთხვევაში ეს საკითხიც განიხილება".