მაჰმუდ აბასი ღაზაში ჩასვლის პირობას დებს

პალესტინის ეროვნული ხელისუფლების ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასი გეგმავს ღაზას სექტორში ჩავიდეს.

ამის შესახებ მან 15 აგვისტოს, თურქეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ არ მიგვიღია სხვა გადაწყვეტილება ამ კუთხით, მე და პალესტინის ხელისუფლების ყველა წევრმა გადავწყვიტეთ ღაზაში ჩასვლა და ჩვენ ამას გავაკეთებთ," - ციტირებს აბასს თურქულო მედია. "ჩვენი სიცოცხლე არ არის ღაზას სექტორში მცხოვრები ნებისმიერი ბავშვის სიცოცხლეზე ღირებული."

თავის 45 წუთიან გამოსვლაში 88 წლის პოლიტიკოსმა მადლობა გადაუხადა თურქეთს და თურქ ხალხს პალესტინის მხარდაჭერისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მან ასევე ისრაელი ღაზას სექტორში "გენოციდისთვის" დაგმო.

აბასმა ხაზი გაუსვა პალესტინელი ხალხის ურყევობას თავისი მიწებისთვის ბრძოლაში. "პალესტინელები გააგრძელებენ თავიანთი უფლებების დაცვას და არ მიატოვებენ თავიანთ მიწებს," - თქვა მან.

აბასი ანკარაში 14 აგვისტოს, მოსკოვში ვიზიტის მეორე დღეს ჩავიდა. პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელმა 13 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს საერთაშორისო საზოგადოებას პალესტინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის გამართვისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ამან პალესტინელებს უნდა მისცეს იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სერიოზულად უყურებს "ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის" პრინციპის რეალიზაციის შესაძლებლობას.

მსგავსი სიახლეები