მაჰმუდ აჰმადინეჯადი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დარეგისტრირდა
ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი კიდევ ერთხელ დარეგისტრირდა კანდიდატად ივნისში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ულტრაკონსერვატორი პოლიტიკოსი ირანის პრეზიდენტი 2005-2013 წლებში იყო. მან 2017 წელსაც სცადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ირანის მეურვეთა საბჭომ, რომელიც 6 სასულიერო პირისგან და 6 იურისტისგან შედგება, ამის უფლება არ მისცა.
ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ სამშაბათს განაცხადა, რომ 18 ივნისის არჩევნებზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.
აჰმადინეჯადი ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროში კანდიდატად დასარეგისტრირებლად ოთხშაბათს მივიდა. ის მხარდამჭერებით იყო გარშემორტყმული, რომლებიც კორონავირუსის შესაჩერებლდ მიღებულ შეზღუდვებს აშკარად არღვევდნენ.
ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა ქუჩაში ზეიმი დაიწყეს.
ირანში 59 მილიონი ამომრჩეველია. 2020 წლის თებერვალში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნებზეც დაბალი იქნება.
საპრეზიდენტო არჩევნებზე რეგისტრაციის ბოლო ვადა შაბათს ამოიწურა.