მაკრონი: პუტინის მოთხოვნები ყველასთვის მიუღებელია
ევროკავშირის არაფორმალური სამიტის დაწყებამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიაზე.
მაკრონის თქმით, მას მიუღებლად მიაჩნია ის პირობები, რომლებიც ვლადიმირ პუტინმა ომის შესაჩერებლად წამოაყენა.
"რეალისტი უნდა ვიყო - ჩვენ მუდმივად ჩართულები ვართ პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებებში. ომის დაწყების მომენტამდე და მის მიერ ომის გამოცხადების შემდეგ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვცდილობთ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას. უნდა ვაღიარო, რომ პუტინის მიერ წამოყენებული პირობები ყველასთვის მიუღებელია",- თქვა მაკრონმა.
მაკრონის განმარტებით, ზოგადად კითხვა იმაში მდგომარეობს თუ რამდენად მზად არის ვლადიმირ პუტინი აწარმოოს გულწრფელი მოლაპარაკებები და გამოვიდეს რეალისტური შემოთავაზებით.
"დღეს მე ვუყურებ ფაქტებს და ფაქტები ასეთია: რუსეთმა დაიწყო ომი, რუსეთი ბომბავს უკრაინას, რუსეთი ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და ამის პარალელურად აწარმოებს მოლაპარაკებებს, მაგრამ ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ სრულდება. გულწრფელად ვიტყვი, რომ მე ვერ ვხედავ უახლოეს საათებში, უახლოეს დღეებში, ცეცხლის შეწყვეტის შანსს." - თქვა მაკრონმა.
მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის არაფორმალური სამიტის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთზე წნეხის გაძლიერება იქნება.
მოსალოდნელია, რომ საუბარი შეეხება უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსაც, თუმცა იმავე მაკრონის თქმით, ამ საკითხის განხილვა, სანამ ქვეყანა ომშია, არარეალურია.